მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სარდლობას “ვაგნერის” ჩანაცვლება უნდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს დააფინანსოს და განავითაროს კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ ალტერნატივად გამოიყენებს და ამ კერძო სამხედრო კომპანიას ჩაანაცვლებს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ამ პროცესის კონტექსტია მტრობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს“ შორის. როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას სურს, ეს დაჯგუფება შეცვალოს სხვა კერძო სამხედრო კომპანიით, რომელსაც მეტად გააკონტროლებს.
დაზვერვის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვი “ვაგნერის” დაქირავებულთა შემცვლელს ეძებს არის ის, რომ ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს კონფლიქტი აქვს თავდაცვის სამინისტროსთან.

“მოსკოვი იმედოვნებს, რომ ალტერნატიული კერძო საბრძოლო ნაწილები უფრო მარტივად მოექცევიან კონტროლის ქვეშ.”- წერია დაზვერვის განცხადებაში.
ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ამ ეტაპზე ცნობილი ვერცერთი სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ვერ უტოლდება წევრების რაოდენობით და საბრძოლო პოტენციალით.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას მომგებიანად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმის გამოც, რომ ისინი რეგულარული არმიის დანაყოფებზე უფრო ეფექტიანი არიან და ადგილობრივი საზოგადოება კერძო სამხედრო კომპანიების პირად შემადგენლობაში დიდ დანაკარგს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში.რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
ასევე ბრიტანეთის დაზვერვა განცხადებით, მოსკოვს გონია, რომ “დაქირავებული პერსონალის მძიმე დანაკარგები უფრო მისაღებია რუსული საზოგადოებისთვის და არ იწვევს ქვეყანაში ომის საწინააღმდეგო განწყობების მკვეთრ ზრდას.”

უკრაინამდე რუსეთი “ვაგნერს” იყენებდა სირიასა და აფრიკაში. “ვაგნერელები” ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button