ომში დაღუპული 19,688 ოკუპანტი და მათგან მინიმუმ 1,783 მობილიზებულია

7 აპრილის მონაცემებით, ცნობილი ხდება უკრაინასთან ომის დროს დაღუპული 19,688 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელები. მათგან მინიმუმ 1,783 მობილიზებულია. დანაკარგები, მოხალისეთა გუნდთან ერთად, „მედიაზონამ“ და „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა გამოითვალეს.
როგორც ადრე, ყველაზე დიდი ყოველდღიური დანაკარგი აქვს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს”, რომლის დაქირავებული არმია ბახმუტის მახლობლად ბრძოლებში მონაწილეობს. როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, მიმდინარე წლის მარტში დაქირავებულ პატიმრებზე მოდის რუსეთის მხრიდან ომში განცდილი დანაკარგის ყველაზე დიდი წილი.
დაღუპულთა საერთო რაოდენობიდან 2200-ზე მეტი რუსეთის არმიისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ოფიცერია, მათგან, სულ მცირე, 220-ი პოლკოვნიკია. დაღუპულთა უმეტესობა კრასნოდარის ოლქიდან, ვოლგოგრადის, სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის რეგიონებიდან, ბაშკირეთისა და ბურიატის რესპუბლიკებიდან არიან.
გამომძიებელი ჟურნალისტები დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებენ. მონიტორინგის ანგარიშში მხოლოდ ის სამხედროები ხვდებიან, რომელთა გარდაცვალებაც ღია წყაროების საფუძველზე დადგინდა. დანაკარგების რეალური რაოდენობა, კვლევის ავტორების აზრით, შეიძლება შესამჩნევად მაღალი იყოს. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა არ იციან დაკარგულთა და დატყვევებულთა რაოდენობა.
არც რუსეთი და არც უკრაინა ოფიციალურად არ აქვეყნებენ მონაცემებს საკუთარი დანაკარგების შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 7 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 177 110
ტანკი – 3 633
ჯავშანტექნიკა – 7 016
საარტილერიო სისტემა – 2 722
სარაკეტო სისტემა – 533
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 281
თვითმფრინავები – 306
ვერტმფრენი – 292
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 291
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 587
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 304.