მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასრულდება თუ არა ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა-არჩევნები თურქეთში

დღეს, 14 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელმაც, როგორც მსოფლიო პრესა წერს, შესაძლოა დაასრულოს თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის 20-წლიანი მმართველობა.

მისი მთავარი ოპონენტია ოპოზიციური „ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ რომელსაც ოპოზიციური ალიანსის ფართო მხარდაჭერა აქვს მან პირობა დადო, რომ გამოასწორებს თურქეთის მოშლილ ეკონომიკას და აღადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ერდოანის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში გაქრნენ. თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს მოგროვილი –

წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთს არჩევნების მეორე ტური ელის იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რომელმაც შესაძლოა მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.
ამასთან გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც “ერდოღანის ჩამოგდებაა”.

11 მაისს რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა და ექვსი პარტიისგან შემდგარი ეროვნული ალიანსის ერთობლივმა კანდიდატმა ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც 14 მაისს დაგეგმილი არჩევნების ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და “ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა”.

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

„ბრძოლა დაძაბული იქნება“, – ამბობენ ექსპერტები და მოელიან, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით, თურქული მედია იტყობინება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა 1.8 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა თავისი ხმა 17 აპრილს უკვე დააფიქსირა.
საპრეზიდენტო კანდიდატები შეუძლიათ წარადგინონ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს ან მათ, რომლებმაც შეაგროვეს მინიმუმ 100 000 ხელმოწერა მათი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად თურქეტში დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნებიც – ქვეყანაში დღეს მოქმედებს პროპორციული სისტემა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 7 პროცენტი ან დამოუკიდებლად ან სხვა პარტიებთან ალიანსში.
კვირას ხმების დათვლის შემდეგ გამარჯვების პირდაპირ უზრუნველსაყოფად, კანდიდატს 50%-ზე მეტი მხარდაჭერას სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 64.1 მილიონ მოქალაქეს ექნება. ხუთ მილიონამდე ამომრჩეველი პირველად მისცემს ხმას.

კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათამდე გაგრძლდება. პირველადი შედეგები კი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე უნდა გახდეს ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button