მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფეთქება ბეირუთში – ლიბანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზრდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დედაქალაქში მასშტაბური აფეთქების შედეგებს ითვლიან. საავადმყოფოებში დაშავებულების მიღებას ვეღარ ახერხებენ.

ბეირუთში ძლიერი აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, იქ, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. დანგრეულია შენობები, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამონგრეულია აივნები. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი. არსებობს ვერსიაც, რომ აფეთქება, შესაძლოა, უბედური შემთხვევაც ყოფილიყო.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შედეგად, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების საზღვაო გემი დაზიანდა და რამდენიმე სამხედრო-საზღვაო მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button