რუსეთში ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს

რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს, 9 აპრილის ღამეს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ამასთან, უკრაინული მედია ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო.
”დიახ, თვითმფრინავების ქარხანა. ეს არის ის, რაც შეგვიძლია დავადგინოთ სხვადასხვა წყაროებიდან. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ. დეტალებს არ გავამჟღავნებთ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრის ძირითადი საწარმოო სიმძლავრე“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო ცენტრის ფასადი და მინა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
დრონით თავდასხმას რუსული მხარეც ადასტურებს, თუმცა ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მტკიცებით, დრონები რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინფორმაცია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ დრონების ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
კიევი ცალკეულ შემთხვევებზე ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, უკრაინას, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.