მოკავშირეები უკრაინის დახმარებას კვლავ განაგრძობენ

ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენისთვის 150 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა.
“უკრაინას ძალიან სჭირდება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ ომს. ნორვეგია ეხმარება უკრაინას საარტილერიო ჭურვებით როგორც საკუთარი მარაგებიდან, ასევე პირდაპირ მრეწველობიდან. დღეს გადავწყვიტეთ 1.6 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე [დაახლოებით 150 მილიონი ევრო] შევიტანოთ ჩეხეთის რესპუბლიკის ეგიდით არსებულ ინიციატივაში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას ძალიან საჭირო საარტილერიო ჭურვები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნორვეგიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნება, რომ ნორვეგიის წვლილი ინიციატივის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს.
Bloomberg ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა უკვე შეაგროვეს თითქმის მთელი თანხა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივით, უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძენად იყო საჭირო.
“ბლუმბერგი” თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჭურვების შეძენა შესაძლებელია მესამე ქვეყნებში და მიწოდება უკრაინისთვის რამდენიმე კვირაში.
თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა აღმოაჩინა 800 ათასი ჭურვი ევროპის ფარგლებს გარეთ – ნახევარი მილიონი 155 მმ კალიბრით და 300 ათასი 122 მმ კალიბრით – ხოლო ქვეყნები, რომლებიც მათ ფლობენ, მზად არიან დაუყოვნებლივ გაყიდონ.
ჩეხეთმა დაიწყო სახსრების მოზიდვა და კოორდინაციას უწევს ამ პროცესს.
თავად ჩეხეთის გარდა, ფულის გაცემისთვის მზად არიან გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, კანადა, ნიდერლანდები, დანია, ლატვია და ლიეტუვა.
გამოცემა წერს, რომ უკვე ამ კვირაში თავდაცვის მინისტრებსა და ამ ოპერაციაში მონაწილე უცხო ქვეყნების მინისტრებს შესყიდვების დეტალები და მიწოდების გრაფიკი შეუძლიათ განიხილონ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენაზე ჩეხეთის ინიციატივას აქამდე შეუერთდნენ კანადა, დანია და რიგი ქვეყნები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მოგვიანებით ინიციატივას საჯაროდ შეუერთდნენ ნიდერლანდები (250 მილიონი ევრო), ბელგია (200 მილიონი ევრო) და საფრანგეთი.
ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს, მხარი უკვე 15-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გააგრძელებენ მუშაობას კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები იმუშავებს მოკავშირეებთან შესაძლო წვლილის შესახებ.
“და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ საკუთარ სისტემაში, ჩვენი მთავრობისა და მთელი ადმინისტრაციის ფარგლებში, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ვერც ერთი ეს ძალისხმევა ვერ შეცვლის იმ მოცულობას და მასშტაბებს, რასაც დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის დამტკიცება მოგვცემდა”, – თქვა კიბიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
მან დასძინა, რომ ახლა “ძნელია დარწმუნებით თქმა” დაამტკიცებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა ამ პროექტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პალატის სპიკერზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს შესაძლებლობას ამერიკის ჯარის ბიუჯეტიდან უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოიყენოს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ბაიდენი ამ თანხის გამოყენების შესაძლებლობაზე ფიქრობს, რადგან დახმარების უფრო დიდი პაკეტი ამ დროისთვის კონგრესის მიერაა დაბლოკილი.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა კრიტიკული შეიარაღების შესაძენად, ასევე სხვადასხვა ხელსაწყოების, რადგან უკრაინას ამ ეტაპზე საარტილერიო ნაღმების დეფიციტი აქვს.
“პენტაგონის რეზერვებიდან მცირე თანხის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა ხაზს უსვამს იმას, რომ თეთრი სახლი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკრაინისთვის დახმარება მოიძიოს. თუმცა შესაძლო დაფინანსება მაინც მიზერულია იმის ფონზე, თუ რა თანხა მოითხოვა კონგრესისგან ბაიდენმა – საუბარია 61 მილიარდ დოლარზე მეტი”, – წერია Bloomberg-ის პუბლიკაციაში.
ცნობილია, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის საკითხი, მას შემდეგ განიხილება, რაც კონგრესი ფედერალური ხელისუფლების დაფინანსების საკითხს გადაწყვეტს.
“უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას საუბრობს.
როგორც ფრანგული გამოცემა Le monde წერს, ელისეს სასახლეში შეხვედრის მთავარი თემა სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო. შეხვედრა კი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 27 თებერვალს, მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მაკრონის პოზიციით აღელვებულია: “მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინის დახმარების კუთხით საფრანგეთს საკუთარი თავისთვის ლიმიტი არ დაუწესებია”.
კომუნისტური პარტიის მდივანმა ფაბიენ რუსელმა კი განაცხადა: “საფრანგეთის პოზიცია შეიცვალა, წითელი ხაზები აღარ არსებობს, შეზღუდვები აღარ არსებობს.”
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ესაუბრა.
როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ კვირას მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხული არ არის, ევროპაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საფრანგეთში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მაკრონის ეს განცხადება დაგმეს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.
დღევანდელ შეხვედრაზე მაკრონმა ფრანგული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარიზში გასულ კვირას გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგები გააცნო, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.
ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრამდე მაკრონი ასევე ესაუბრა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებს, ფრანსუა ოლანდს და ნიკოლა სარკოზის.
ელისეის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ფრანსუა ოლანდმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, თუმცა, მისი თქმით, „ფრანგი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ უნდა მონაწილეობდნენ“.
კითხვას, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არ უნდა იყოს გამორიცხული, ოლანდმა ასე უპასუხა: „რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ, მით უკეთესია“.
საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინასთან დაკავშირებულ სტრატეგიას, მათ შორის, თებერვალში პარიზსა და კიევს შორის გაფორმებული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, შემდეგ კვირაში განიხილავენ.