მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით თურქეთში ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 30 მარტს ე.წ. “აფხაზეთის რკინიგზა” წერდა, რომ 23 მარტს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა.

“მატარებელი სოხუმის რკინიგზის სადგურზე მიიღეს, მსგავსი მოვლენა აფხაზეთის რკინიგზის ისტორიაში პირველად ხდება. აფხაზეთში ჩავიდა მატარებელი 62 კონტეინერით, რომელშიც 2700 ტონა ტვირთი იყო.”,- წერია 30 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა.

მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის რუსეთის კიდევ ერთი სქემა.

გამოცემა SOVA წერს, რომ სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა.

ამავე ინფორმაციით, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ.

„ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით. ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელი დაუბრკოლებლად შემოვიდა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები“ , – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ლაბახუას თქმით, მატარებელი საპირისპირო მიმართულებით წავა სხვა ტვირთით რუსეთის ფედერაციაში.

„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებით. იქ საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრს მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ მეორე და ასე, როგორც ამბობენ, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი „კაპიკობით“ შეივსება“ , – დასძინა ლაბახუამ.

ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტის თაობაზე საქართველოში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს დასავლეთის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ სანქციები აქვს დაწესებული. 2022 წლის მაისში რუსეთმა „პარალელური იმპორტი” დააკანონა, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე მისი პროდუქციის დიდი ოდენობით რუსეთში უპრობლემოდ შეტანას ხდის შესაძლებელს. „პარალელური იმპორტისა” და სხვა გზებით რუსეთი სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებს ეძებს.

ოფიციალურად საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button