მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად 48 217,46 ლარი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მან ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად 48 217,46 ლარის პირადი ხარჯი გასწია. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც ასახა განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში

ეს თანხა, მათ შორის, მოიცავს მის ოფიციალურ ვიზიტებს ევროპის დედაქალაქებში, რომლებზეც საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა.
მანამ, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მაინც შეხვდა. მის წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ” იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და თქვა, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. იმპიჩმენტი საბოლოოდ პარლამენტში ჩავარდა. თუმცა, ამის შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ ზურაბიშვილი “ფორმალური” პრეზიდენტია და მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილმა 55 275 ლარი ქველმოქმედებისთვის გაიღო.

პრეზიდენტმა დეკლარაცია ამ წლის 29 იანვარს შეავსო. მითითებული მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე აღნიშნული პერიოდისთვის 26 849.67 ევრო და 28 836.49 დოლარი იყო.

სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც პირადი ხარჯით მიდის გერმანიაში, სადაც მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის უახლესი დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა. გასული წლის პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებდა. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

შემდეგ, საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა – ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან ქართულმა ოცნებამ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა – ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შემდეგ, ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ქვეყნის “ფორმალური პრეზიდენტი” იქნება.

2024 წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ოფიციალურად მიიწვიეს ამბობს, რომ ის “არ წარმოადგენს საქართველოს” და წარმოდგენილი იქნება, როგორც “კერძო პირი”.

შეგახსენებთ გასულ წელს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა ოფიციალურ ვიზიტებზე. 2023 წლის 30 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით მთავრობამ განმარტა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, “საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა” და “საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში”. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ გამოიყენებდა საბიუჯეტო რესურს და საკუთარი თანხით გაფრინდებოდა სხვა ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა: გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის.

ვიზიტების გამართვის გამო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” – სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button