მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა 5 მიმართულებით მტრის 95-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 95-ზე მეტი შეტევა, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საჰაერო თავდაცვის საშუალებების 1 პოზიცია.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 153 770 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, თუ რუსები ვუჰლედარში შეტევაზე გადავლენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წინსვლა შეძლონ.

“ამ დროისათვის უცნობია, გეგმავს თუ არა რუსეთი ვუჰლედარის რეგიონში შეტევის განახლებას. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოკუპანტები შეტევაზე გადავლენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი წინსვლას და ფრონტის სხვა სექტორებში ოპერაციების ჩატარებას შეძლებენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

5 მარტს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უბრძანა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ რუსტამ მურადოვს, ნებისმიერ ფასად აეღო ვუჰლედარი.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, კონფლიქტი რუსეთის სარდლობაში ვუჰლედართან უზარმაზარი დანაკარგების ფონზე, მხოლოდ კიდევ უფრო ზღუდავს მტრის ოპერატიულ შესაძლებლობებს. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას აღნიშნული მიმართულების სამხედრო პერსონალთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. 155-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურები უარს ამბობენ შეტევაზე გადასვლაზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 155-ე ბრიგადა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვიდჯერ დაკომპლექტდა, ამიტომ, მისი ეფექტურობა ძალიან დაბალია.

“თუ შოიგუ მაინც დაავალებს მურადოვს ვუჰლედარზე თავდასხმის განახლებას, სავარაუდოდ, ინსტრუქციების შესასრულებლად ახალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის რეზერვები იქნება საჭირო. 4 მარტს, შოიგუ, სავარაუდოდ, შეხვდა მურადოვს, რათა შეეფასებინა შეტევითი ოპერაციების განახლების შესაძლებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button