თბილისის ქუჩებში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს. მე-12 კლასელებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს.

თბილისის ქუჩებში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს. მე-12 კლასელებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს. სტუდენტები კი წერეთლის მეტროდან და სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოდან სააკაძის მოედნისკენ მიემართებიან.
ახალგაზრდებმა პარლამენტთან ბანერი გაშალეს წარწერით: “მომავალი ჩვენია”. ამასთან, შეკრებილები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო”.
პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილი.
ახალგაზრდების თქმით, ისინი არ დაიღლებიან და მანამდე იდგებიან ქუჩაში, სანამ ხელისუფლება ხელმეორედ დაინიცირებულ და მესამე მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს. სტუდენტები ამბობენ, რომ სიმართლე მათკენ არის და არ დანებდებიან. მათი მთავარი გეგმა ყოველდღიური პროტესტია, რითაც ნათელი და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
რუსთაველის გამზირზე განლაგებულია პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.