ჩამომხრჩვალი ძაღლები ლაგოდეხში – სავარაუდო დამნაშავე 40 წლამდე მამაკაცია

ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორის ტყეში ჩამომხრჩვალი ორი ძაღლი იპოვეს.
ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელ ფესიბუქში გავრცელდა.
ფოტოების მიხედვით, ორვე ძაღლი ხეზე სავარაუდოდ მავთულით არის დაკიდებული.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მართალია ტერიტორია არ ეკუთვნის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს, თუმცა ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდნენ შს სამინისტროს ადგილობრივ ორგანოს და მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
როგორც რადიო ჰერეთს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ეს მუხლი ითვლისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
საქმის გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია 40 წლამდე მამაკაცი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ მამაკაცმა ჩამოახრჩო თუ არა ძაღლები.