მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ იყენებს უკრაინას „როგორც სასტიკ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ”

“უკრაინა გახდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

პუტინმა დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და თქვა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ წყვეტენ ექსტრემისტული და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას. მისი თქმით, უკრაინამ, ფაქტობრივად, დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ, “ეს ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის დსთ-ს ყველა ქვეყანას”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს უკრაინას „როგორც სასტიკ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ ბელარუსის რესპუბლიკასთან, ОДКБ -სა და მთლიანად დსთ-ის წინააღმდეგ“.

მისი თქმით, მოსკოვში ასევე ცნობილია ეგრეთ წოდებული „ბინძური ბომბის“ პროვოკაციებისთვის მზადების შესახებ.

„ახლა [აშშ] ტუმბავს [უკრაინაში] იარაღს, მათ შორის მძიმეს, უგულებელყოფს კიევის რეჟიმის განცხადებებს ბირთვული იარაღის მიღების სურვილის შესახებ. ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული “ბინძური ბომბის” გამოყენება პროვოკაციებისთვის” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსი ოფიციალური პირები სხვადასხვა დონეზე და პროპაგანდისტები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებენ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს, რომ უკრაინა თითქოს ემზადება “ბინძური ბომბის” გამოსაყენებლად მის ტერიტორიაზე – ეს ტერმინი აღნიშნავს რადიოაქტიური შინაარსის არაბირთვულ იარაღს, რომელიც ვრცელდება დიდ ფართობზე.

ამასთან აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში.

“რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ”, – აღნიშნა ჰეისმა.

აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარაკებები, ჰეისის თქმით, რეგულარულად ტარდება, თუმცა საბოლოო სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა თქვას.

12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაიწყო საჰაერო დაცვის ახალი ეპოქა.

„IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, NASAMS-ები აშშ-იდან მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია. მეტი გვჭირდება. ეჭვი არ არის, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინის თავზე ცის დაცვა მორალური იმპერატივია, რომ ჩვენი ხალხი გადავარჩინოთ“, – დაწერა ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი.

ამჟამად ამერიკულ NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. ამ სიას უკვე უკრაინაც დაემატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button