მნიშვნელოვანისიახლეები

„ენმ“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს. მათთვის მანდატის შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს. ქართული ოცნების თქმით, მათ მანდატებს შეუწყვეტენ.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტში ხატია დეკანოიძემ გააკეთა:

ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ – იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, გაყალბებული, ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს”, – თქვა მან.

ქართული ოცნება ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ უმრავლესობის სხდომაზე გუშინ, 14 თებერვალს მიიღო.

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.

შალვა ნათელაშვილს უმრავლესობა არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის უწყვეტს მანდატს. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვდა.

ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნათელაშვილსა და ჯაფარიძეს სწორედ იმიტომ უუქმებენ მანდატებს, რომ ოპოზიციას კომისიის შექმნისთვის ხმები არ ეყოს.

ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს, ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელს საარჩევნო სიები ჩახსნილი აქვთ.

რამდენი კანონმდებელი დარჩება მეათე მოწვევის პარლამენტში ეს დღეს გაირკვევა. საკანონმდებლო ორგანომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს.

წინასწარ ცნობილია, რომ უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს.

“მგონი 90-იანი წლების დასაწტყისის ისტორია მეორდება, ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ჩვენ ვართ მშვიდად და მტკიცედ. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში და ამის შემდეგ ვისაუბრებ სამომავლო გეგმებზე. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებას,”– აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

პროცესის პარალელურად “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, დღეს, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა.

“მთავარი მიზანი, რის გამოც “ქართული ოცნება” ჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის. ის რაც გააკეთეს, მართლაც უსუსურობის გამოვლინებაა. აღადგინონ პროპორციული სიები – ეს მისცემს საქართველოს მოსახლეობას საშუალება, რომ ყველა პარტია მანდატით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

მმართველ გუნდში, მანდატების გაუქმების საჭიროებამდე მისვლის გადაწყვეტილებას, ოპოზიციას აბრალებენ და მათ კიდევ ერთხელ მიუთითებენ რეგლამენტს ჩახედონ:

“არავის დაუძალებია არც ნათელაშვილისთვის, არც ჯაფარიძის და ხოშტარიასთვის, რომ მათ სამართალდარღვევები ჩაედინათ. ნათელაშვილი და ხოშტარია არ დადიოდნენ სხდომებზე დღეს კი, ასე უტიფრად აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ ვუწყვეტთ მათ უფლებამოსილებას. მათ კარგად უნდ ჩაიხედონ რეგლამენტში. ახლა უნდათ ეს ისრები ჩვენსკენ შემოატრიალონ, მაგრამ არავინ დაუჯერებს, ვინაიდან ეს მათი შეცდომა იყო,”– აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ხატია დეკანოიძის ხმა

 

ბადრი ჯაფარიძის, გურამ მაჭარაშვილის და ალუდა ღუდუშაურის  ხმა

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას განიხილავს. კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი წინა კვირას დაუჭირა.

ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის და ახალა ამ ფორმით ცდილობს პარლამენტში ოპოზიციას ხმები მოაკლოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button