,,ოცნება არავის აიძულებს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მისვლას მხარდამჭერთა ჯგუფები თავად უკავშირდებიან,,-აროშიძე
ოპოზიცია ხალხს მოუწოდებს აქციის მონაწილეები არ დააბულინგონ

“ქართული ოცნება” მასშტაბური აქციისთვის ემზადება – დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც “ქართული ოცნება” ხვალ საერთო სახალხო შეკრებას გამართავს, ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
სახელისუფლებო გუნდი ხვალ ქვეყნის მთავარ გამზირზე ელოდება ყველას, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის, ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა სურს.
ამბობენ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ სიტყვას სწორედ ხვალ იტყვის.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, 29 აპრილს, პარლამენტის წინ დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აბსურდია, თითქოს ხელისუფლება ვინმეს აიძულებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
ტიტე აროშიძის განცხადებით, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად უკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას სთხოვენ.
„ეს არის აბსურდი, ილუზიებში ცხოვრება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, თუკი, დიდი ძალისხმევის შედეგად, მოახერხებენ და შეკრებენ 300-400 ადამიანს პარლამენტის წინ, ეს არის ხელისუფლების შეცვლის საფუძველი. ასე არ ხდება!
29 აპრილს ნახავენ, რეალურად, რას წარმოადგენს ხელისუფლება, რამდენი ადამიანის მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს, „ქართული ოცნება” ატარებს, რამდენი ადამიანი ეთანხმება ქართული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას და ევროპისკენ ღირსებით სვლას.
ხელისუფლებას წარმოადგენს ადამიანთა არმია, ჯარი, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების” რიგებშია და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი სურვილით მოდიან თბილისში, რათა დაესწრონ 29 აპრილის საყოველთაო შეკრებას, სადაც იქნება გაჟღერებული ჩვენი მთავარი მესიჯი -ღირსებით ევროპისკენ“, – აღნიშნულია ტიტე აროშიძის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირის დაკავების უფლება ხვალ მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს და სხვა აქცია ამ ტერიტორიაზე ისედაც ვერ გაიმართება.
“ხალხის ძალაში” ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებას, პასუხს ხვალ ქართველი ხალხი გასცემს.
“ის რომ 29 აპრილს ჩვენ დაანონსებული გვაქვს აქცია, ბუნებრივია, სხვა აქცია კანონიერად ვერ ჩატარდება რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ამ დონეზე თუ მაინც ეყოფათ გონიერება რომ ამ შემთხვევაში აქციები არ ჩაატარონ. ხოლო მეორე დღიდან, დარწმუნებული ვარ, ყველას გაუქრება ყველანაირი სურვილი რაიმე ტიპის სხვა აქცია ჩაატაროს, როდესაც დაინახავენ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, ხვალ 4 საათიდან მსვლელობას ფილარმონიიდან დაიწყებს:
“ყველას მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ჩვენ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია 4 საათზე შევიკრიბებით ფილარმონიასთან და უკვე 6 საათზე, ახალგაზრდული მსვლელობით – “წინ ევროპისკენ” რუსთაველის გავლით პარლამენტის შენობის წინ გადავინაცვლებთ. ხვალინდელ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების არჩევანი არის – მამული, ენა და სარწმუნოება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს,”- აცხადებს პარლამენტის წევრი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.
ეროვნული ღირებულებების გამოკვეთა და გამჭვირვალობის კანონპროექტის მიმართ საზოგადოების განწყობის ჩვენება – ეს არის “ქართული ოცნების” შეკრების მიზანი, რომელსაც საპატიო თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
მმართველ პარტიას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თავისი პოლიტიკის მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირება უნდა და დარწმუნებულია, რომ ამ ერთი აქციით შეძლებს ელექტორატის რეალური განწყობების ჩვენებას
საყოველთაო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ხვალ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, მათ შორის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც საკუთარი სიტყვა სწორედ სახალხო შეკრებაზე დასწრებით უნდა თქვან.
“ჩემი კოლეგების ბულინგი ხდება. საუბარია იმაზე, თითქოს, ვიღაცა ვიღაცას აქციაზე ძალით ეპატიჟება. მაგალითად, ამაზე სამარცხვინო, კორუმპირებული გიგი უგულავა საუბრობს. არავის დაშინება, ძალით მოყვანა არ ხდება. „ქართულ ოცნებას” ეს არასდროს სჭირდებოდა. ხვალაც უამრავი ღირსეული ადამიანი შეიკრიბება, ამ ბოროტ ძალებს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ძალიან მკაფიო პასუხს ეტყვის. საქართველოს უნდა ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირში ღირსებით შესვლა გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომით, როგორც ამას მავანი მოგვიწოდებს,” – განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა.
ქვეყნის მთავარ გამზირს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დოკუმენტის უკან გაწვევის მოთხოვნით იკრიბებიან.
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებლის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მიუღებელია აღნიშნული კანონპროექტი, რადგან ის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კონტროლს გულისხმობს. მისი თქმით, კანონპროექტი რუსული სტილისაა და ქვეყანას აშორებს ევროპას.
ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დააბულინგონ ის ადამიანები, ვინც “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივა.
“მე ველოდები სინამდვილეში ხალხის გამოღვიძებას და იმის მიხვედრას, თუ საით მიჰყავს “ოცნებას” ხელისუფლება. ასევე, ველოდები იმასაც მიხვდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ხვალინდელ აქციაზე განსხვავებული მოსაზრების თუ იძულებით მოყვანილი ხალხი, როგორი შეურაცხყოფის ქვეშ არის. მე მინდა ვთხოვო “არა რუსულ კანონის” მომხრეებს, არ დავაბულინგოთ ის ხალხის, ვინც ხვალ მივა აქციაზე. საერთოდ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხვალ იქ მისულმა ხალხმაც იყვიროს იგივე, რასაც დღევანდელ შეკრებაზე ხალხი. იმიტომ რომ მე იქაც მდგომი ხალხის პატრიოტი მგონია, აქეთა მხარეს მდგომი ადამიანიც პატრიოტი მგონია,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე
იაგო ხვიჩია.
ორგანიზაცია “ნაბიჯი” განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 29 აპრილს პარლამენტის მიმდებარედ არ შეიკრიბებიან. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, თანამოაზრეებს შეკრების ალტერნატიულ სივრცეს – ვაკის პარკში სთავაზობენ.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.