მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უბნებზე გაჩენილი ხანძარი და მწვანე საღებავი – რუსეთში პრეზიდენტს მეხუთე ვადით ირჩევენ

რუსეთი არჩევნებს ატარებს უკრაინაში ანექსირებულ ტერიტორიებზეც- საარჩევნო უბნები აქვს გახსნილი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში

რუსეთში არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ცნობებით, ინციდენტების უმეტესობა მოხდა მოსკოვის, ვორონეჟისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონში.

მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ქალმა ბიულეტენების ურნაში ბრილიანტის მწვანე ჩაასხა. მის წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა საარჩევნო უფლების განხორციელებისა და საარჩევნო კომისიების მუშაობის ხელის შეშლის მუხლით. ქალი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

საარჩევნო ურნებში მწვანე ფერის სითხე ჩაღვარეს ორ საარჩევნო უბანზე ვორონეჟის ოლქშიც, სადაც პოლიციამ 58 და 66 წლის ამომრჩევლები დააკავა. ბრილიანტის მწვანის ჩასხმის მცდელობების შესახებ ასევე ცნობილი გახდა ვოლგოგრადისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, ასევე ოკუპირებულ სიმფეროპოლში. როსტოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში კი საარჩევნო ურნებში მელანი ჩაღვარეს.

მოსკოვის მარიონოს რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი ხანდაზმულმა ქალმა ხმის მიცემისთვის განკუთვნილ კაბინაში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლი ჩააქრეს, მოქალაქე კი დააკავეს. კაბინისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მოსკოვის ოლქის მიტიშის დასახლებაშიც.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოვიდა მოწოდებით, ურნების „დაცვა გაძლიერდეს“. კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ დაკავებულთა მოქმედებებში არის „ტერორიზმის ელემენტები“, ვინაიდან ისინი თითქოს „უცხოეთიდან იმართება“. იგულისხმება უკრაინა.

გამოცემა „ბაზა“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ უკიდებს ცეცხლს ქალი საარჩევნო კაბინას. ის დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ცეცხლის წაკიდების ინციდენტი მოხდა ტიუმენის ოლქის ქალაქ კოგალიმაშიც.

როგორც „ფონტანკა“ იტყობინება, სანქტ-პეტერბურგში 21 წლის ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ „დავალება“ მიიღო რომელიღაც უკრაინული ტელეგრამის არხისგან, რომელიც მას ფულად ანაზღაურებას დაჰპირდა. ანალოგიური შემთხვევა ხანტი-მანსის ავტონომიურ რეგიონშიც მოხდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არცერთი ეს ინციდენტი არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გამოცემა TASS წერს, რომ ინციდენტების ძირითადი ნაწილი მოხდა მოსკოვის, ვორონეჟის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საარჩევნო უბნებზე. ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა საარჩევნო უბანში მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. კიდევ ერთ ვიდეოში გამოჩნდა, რომ საარჩევნო კაბინას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ცნობილია, დაკავებულია სულ მცირე რვა ადამიანი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-დან 17 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ უპირობო გამარჯვებული იქნება ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს.

რუსეთი არჩევნებს ატარებს უკრაინაში ანექსირებულ ტერიტორიებზეც. ამასთან, საარჩევნო უბნები აქვს გახსნილი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში.

რუსული ოპოზიცია არჩევნებზე საპროტესტო აქციის “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ჩატარებას გეგმავს. ის პეტერბურგის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მაქსიმ რეზნიკმა მოიფიქრა. აქცია გულისხმობს იმას, რომ ისინი, ვინც პუტინის წინააღმდეგნი არიან, საარჩევნო უბნებზე 17 მარტს, შუადღის 12 საათზე ერთდროულად მივიდნენ.

აღნიშნულ აქციას კოლონიიდან მხარი დაუჭირა ალექსეი ნავალნიმაც. მისი სიკვდილის შემდეგ აქციის მხარდაჭერით ნავალნის გუნდი გამოვიდა. რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ აქციაში, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს – არ აღიარონ არჩევნების შედეგები და პუტინის ლეგიტიმაცია.

რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button