რუსული კანონის ხელახლა ინიციირება საქართველოს ევროპის გზას ჩამოაცილებს-სახდეპი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპის გზას ჩამოაცილებს.
მილერის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით უკვე მესამე განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის შემობრუნების გამო, რომელიც ეფუძნება გასული წლის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა სამუშაოები სარგებლის მომტანია ქართველების ყოველდღიური ცხოვრებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.
კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას. ჩვენი შეშფოთება მკაფიოდ გავაცანით საქართველოს მთავრობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი “ჯაშუშების” გამოსავლენად – რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.