მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჰამასმა შეტევისთვის დახმარება ირანისგან მიიღო თუმცა ირანი ამ ფაქტს უარყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაჯგუფება ჰამასმა კოორდინირებული და კომპლექსური შეტევისთვის დახმარება ირანისგან მიიღო, თუმცა მისი უშუალო ჩართულობის მტკიცებულებები არ აქვთ.

“ეს არის ყველაზე საშინელი თავდასხმა ისრაელზე 1973 წლის, იომ-ქიფურის ომის შემდეგ, რომელიც თითქმის 50 წლის წინ მოხდა, მაგრამ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება. ეს იყო ომი, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჯარი ჯარის წინააღმდეგ, ეს კი არის მასიური ტერორისტული თავდასხმა. როგორც ვნახეთ, ფაქტობრივად, მიათრევენ ხალხს ღაზის საზღვარზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს.

ფაქტობრივად, ჰამასი არ იქნება ჰამასი იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იღებს ირანისგან. ჩვენ ჯერ არ გვინახავს პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ირანი იდგა ამ კონკრეტული თავდასხმის უკან ან მონაწილეობდა მასში, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მათი მხარდაჭერა აშკარაა”, – ამბობს ბლინკენი.

ამასთან საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შაბათ-კვირას ჰამასს ისრაელის მიმართ განხორციელებულ თავდასახმაში ირანი რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დაეხმარა. ირანი უარყოფს რაიმე მონაწილეობას ჰამასის მიერ ისრაელის შიგნით განხორციელებულ თავდასხმებში.

ირანი ადასტურებს პალესტინელების მხარდაჭერას, თუმცა უარყოფს ისრაელზე თავდასხმასთან კავშირს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ „პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები არის კანონიერი თავდაცვა 70-წლიანი რეპრესიული ოკუპაციისა და უკანონო სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულისგან“. ამასთან, „ჰამასის“ მხარდამჭერი ირანი ირწმუნება, რომ პალესტინელთა პასუხთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ისინი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ.

“გაეროში” ირანის მისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის მიერ მიღებული მტკიცე ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას „შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“.
ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ პალესტინელ ტერორისტებს მიულოცა და თავდასხმას გამარჯვება უწოდა.
8 ოქტომბერს გამოცემა Wall Street Journal-მა პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ და ლიბანის გასამხედროებული ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმის ორგანიზებაში ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაეხმარნენ.

წყაროთა თანახმად, თეირანმა ისრაელზე თავდასხმას „მწვანე შუქი აუნთო“ 2 ოქტომბერს ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ოფიცრები მონაწილეობდნენ. Wall Street Journal-ის ცნობით, აგვისტოდან, სწორედ ისინი მუშაობდნენ ოპერაციის გეგმაზე „ჰამასის“ წარმომადგენლებთან ერთად.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button