მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუს ოპოზიციონერს 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით ახალი საქმე აღიძრა, – ამის შესახებ თავად ნავალნიმ ექსტრემიზმის საქმეზე ბასმანის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ის ამ საქმეს “აბსურდულს” უწოდებს.

სასამართლო სხდომას ის დისტანციურად ესწრებოდა. ნავალნის ცნობით, ტერორიზმის საქმეზე მას სამხედრო სასამართლო გაასამართლებს ამასთან, ნავალნის განცხადებით, მას საშუალებას არ აძლევენ, რომ საქმეს ბოლომდე დეტალურად გაეცნოს.
„მათ აბსურდული ბრალდებები წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება. გამომძიებელმა ვიდიუკოვმა გუშინ თქვა, რომ ამ საქმისგან ცალკე გამოყვეს ტერორისტული საქმე, თითქოს ციხეში მჯდომი ვახორციელებ ტერაქტებს. ამ საქმეზე ცალკე გამასამართლებს სამხედრო სასამართლო. ამ საქმეზე 30 წელი მემუქრება, როგორც ჩანს, შემდეგში- სამუდამო პატიმრობა“, – განაცხადა ნავალნიმ.

საგამოძიებო კომიტეტს ახალი საქმის აღძვრის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად რაში ედება ბრალი ნავალნის.

რაც შეეხება ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეს, ბასმანის სასამართლომ ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნის საქმეზე მასალების გასაცნობად ალექსეი ნავალნის 5 მაისამდე მისცა დრო. მასალები 196 ტომს შეადგენს.

ალექსეი ნავალნი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთის მთავარი ოპოზიციური ლიდერია და კორუფციისა და კრემლის მხრიდან ადამიანის უფლებათა შელახვის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ახლა პატიმრობაშია და სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის.

აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი ის მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა. მან 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.

ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვარში რეზოლუცია შეადგინეს, რითაც ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. ამის გარდა რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდასაც ითვალისწინებდა. ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა 2021 წლის აპრილშიც გაიმეორა.

მსგავსი პოსტები

Back to top button