მსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ფსიქიატრიულსა და ციხეში

აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის წევრი, რომელიც სამი დღის განმავლობაში იძულებით ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული, პოლიციამ გათავისუფლებიდან მეორე დღეს დააპატიმრა.

აქილ ჰუმბათოვის ცოლმა, აიგუნ ჰუმბათოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ქმრის თანამშრომლების თქმით, აქილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ორმა პირმა ბაქოში, 2 აპრილს დააკავა. ჰუმბათოვას თქმით, მან ქმრის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა და ბაქოს პოლიციამ ინფორმაცია დაპატიმრების მიზეზზე არ მიაწოდა.

ჰუმბათოვმა ადრე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაპატიმრება მოხდა 30 მარტს, ერთი დღის შემდეგ, რაც მან ფეისბუკით ილჰამ ალიევი იმ უსახსრო ბავშვების უფლებების უგულებელყოფისთვის გააკრიტიკა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჰუმბათოვი ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა მოეთავსებინათ, რადგან მოწმეების ჩვენებით, ის გარეთ შარვალს იხდიდა.

1 აპრილს ჰუმბათოვი გამოუშვეს. მან კლინიკის პირობები აღწერა, როგორც „არაადამიანური“ და „საშინელი“.

ალიევის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ამბობენ, რომ ხელისუფლება სხვაგვარად მოაზროვნეების ხმას ხშირად ახშობს. საპატიმროში ათავსებენ ოპოზიციურ ჟურნალისტებს, უფლებადამცავებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button