მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

104 საათი რეგიონში ბოლო ას წელიწადში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრიდან

104 საათი რეგიონში ბოლო ას წელიწადში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრიდან – მსხვერპლის რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 22 000-სს.

განსაკუთრებულ სიხარულია, როდესაც ნანგრევებიდან ცოცხალი ბავშვები ამოჰყავთ. მათ ნაწილს ოჯახის ყველა წევრი დაეხოცა. მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე ცოცხლად დამარხვას 263 ბავშვი გადაურჩა.

მაშველებმა ქალაქ ჯინდაირისში ნანგრევებიდან ამოიყვანეს ჩვილი, რომელსაც დედასთან ჭიპლარიც კი არ ჰქონდა გადაჭრილი. პატარა აია ერთადერთია ოჯახიდან, რომელიც დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა. ბავშვი ნანგრევების ქვეშ დაიბადა. დედა და ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. თავად ახალშობილი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მაშველებმა ჩვილის ტირილის ხმა გაიგეს. აიას ახლა მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს. პატარის შვილად აყვანის სურვილს ათასობით ადამიანი გამოთქვამს.

აიას მსგავსად ჰათაის პროვინციაში სიკვდილს გადაურჩნენ ნანგრევებში მოყოლილი 10 დღის ჩვილი და მისი დედა. მაშველები 90 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდნენ მათ გადასარჩენად.

ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსები უკვე მცირეა, თუმცა კაჰრამანმარასში მაშველებმა მიწისძვრიდან 99 საათის შემდეგ, მიწასთან გასწორებული შენობიდან მოზარდი ცოცხლად ამოიყვანეს.

კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ერდოღანი სტიქიის ზონაში რჩება.

სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მუდმივად იზრდება, დაღუპულებს შორის საქართველოს 4 მოქალაქეა. ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

სტიქიის ზონაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეოთხე დღეა მუშაობენ ქართველი მაშველები. მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციებში სამაშველო სამსახური პრემიერის გადაწყვეტილებით იმყოფება.

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 22 ათასს აჭარბებს. მხოლოდ თურქეთში მსხვერპლი 19 ათასზე მეტია. ორივე ქვეყანაში ათასობით ადამიანი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ნაწილს კარავში, ზოგს კი ღია ცის ქვეშ უწევს ღამის გათევა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისად სწრაფი იყო.

აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა ადიამანის პროვინციაში ვიზიტისას განაცხადა. ერდოღანი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შევძელით ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 000-ზე მეტი წევრია, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო უსახლკაროდ დარჩენილებს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის ქირას გადაუხდის.

მასშტაბური კატასტროფის შემდეგ კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა სირიის პრეზიდენტი. ბაშარ ალ ასადი ალეპოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მივიდა და დაზარალებულები მოინახულა. პარალელურად კი თურქეთსა და სირიაში მასობრივ საფლავებს თხრიან. შეერთებული შტატები ორივე დაზარალებულ ქვეყანას ჯამში 85 მილიონი დოლარის დახმარებას უგზავნის. სანქციების მიუხედავად, ვაშინგტონიდან სირიაში საკვები, კარვები და მედიკამენტები ჩავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button