მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში მიმდინარეობს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, ვაშაძემ მიიღო ხმების 37,74%, ხოლო ზურაბიშვილმა 38,64%.

პირველსავე ტურში გამარჯვებას სჭირდებოდა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში საარჩევნო ბარიერი აღარ არსებობს და გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მეტი ხმა ექნება.

ამომრჩევლები ხმას აძლევენ სულ 3703 საარჩევნო უბანზე. მათგან 55 საზღვარგარეთაა. გამონაკლის შემთხვევაში გახსნილი 11 უბანია თბილისის, მცხეთის, რუსთავის, ქუთაისის, წყალტუბოს და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. საარჩევნო უბნები გახსნილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებისა. საქართველოში 8 საათზე გახსნილ უბნებში ხმის მიცემა 20 საათზე შეწყდება, ხოლო უცხოეთის ქვეყნებში ადგილობრივი დროით 24 საათზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი. პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 3 518 877. ერთ თვეში ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია 9781-ით. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, ახალ ამომრჩევლებს შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც რეგისტრაცია პირველად გაიარეს არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველი ტურის შემდეგ აიღეს პირადობის მოწმობა და 18 წლის გახდნენ 28 ოქტომბრის ჩათვლით.

თუ ამომრჩეველი ბიულეტენში მითითებული არცერთი კანდიდატის რიგით ნომერს არ შემოხაზავს, ან ორივეს გადახაზავს, ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ ხმის მიცემა ფარულია, დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი და საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი და 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აკრედიტებულია 2 300-მდე ჟურნალისტი.

კენჭისყრის პროცესის დასრულების და საარჩევნო უბნებზე ყველა ოფიციალური პროცედურის გავლის შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში სპეციალური პროგრამით, ოქმებს ელექტრონულად მიაწვდიან ცესკოს. შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

2018 წლის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც აღარ ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. მომდევნო პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button