მნიშვნელოვანისაქართველო

“წულუკიანის უწყებამ მოსკოვის მოთხოვნა შეასრულა”

საქართველომ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ სუმბაევს ექსტრადიციის ბრძანება 15 ოქტომბერს ჩაბარდა. ის ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დღეს გაიყვანეს და რუსეთის სამართალდამცველებს გადასცეს.
ჰაკერის ქართველი ადვოკატი, ვანო ნორაკიძე ექსტრადირების პროცედურების დარღვევებზე საუბრობს და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ ახალ დოკუმენტს ასაჯაროვებს.

ადვოკატი იუსტიციის მინისტრს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და თეა წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აანონსებს. სტრასბურგი აგზავნის ახალ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ “მან არ შეაჩერა სუმბაევის ექსტრადიცია, მაგრამ მიიღო სარჩელი წარმოებაში და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“.

“საქართველო ვერ იქნება ოაზისი უცხო ქვეყნის ბრალდებულებისთვის” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას. წულუკიანის თქმით, აღნიშნული პროცესის საწინააღმდეგოდ არანაირი სამართლებრივი ბარიერი არ არსებობდა, მათ შორის არც სტრასბურგის მხრიდან. გარდა ამისა, წულუკიანმა პოლიტიკოსების მწვავე შეფასებებს “უსაფუძვლო აურზაური” უწოდა.

რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. სუმბაევის უფლებადამცველი მისი ექსტრადიციის წინააღმდეგი იყო, რადგან, მისი აზრით, “რუსეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები”. რუსული გამოძიება სუმბაევს მიიჩნევს ჰაკერების ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ. ბილეთების საქმეს იძიებდა გამომძიებელ ევგენი შიშკინას გუნდი. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. შიშკინას ოჯახის ადვოკატი BBC-ს რუსულ სამსახურთან ამბობდა, რომ იაროსლავ სუმბაევი მთავარი ეჭვმიტანილია გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზებაში, რაც სავარაუდოდ, ინტერნეტით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button