მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ, ინფორმაციას შსააგენტო „Апсныпресс“-ი ავრცელებს.

დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გაფორმდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დოკუმენტს ხელს აწერს დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, “ეკონომიკის მინისტრი” კრისტინა ოზგანი, რუსული მხრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

ოზგანის თქმით, ხელშეკრულება განსაზღვრავს პირობებსა და მხარეთა ვალდებულებებს პროექტის განხორციელებისას და კერძოდ, „აფხაზეთისთვის სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელიც შეღავათებს ითვალიწიენებს“.
„გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე“, – აღნიშნა მან.

დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი „Базовый элемент-ი”. ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.
ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button