მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში სამშაბათს და ოთხშაბათს შეხვდება ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობას. მათთან ერთად ის განიხილავს თურქეთის, იორდანიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის წინადადებებს.

ორშაბათს ბლინკენმა განაცხადა, რომ რამდენიმე არაბული ქვეყანა და თურქეთი მზად არიან, შეერთებულ შტატებთან ერთად გაუწიონ კოორდინაცია ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ღაზის აღდგენაზე, ტერიტორიის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრასა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებაზე.

თავისი მოგზაურობის ფარგლებში ბლინკენი ესტუმრა თურქეთს, საბერძნეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს.

ორშაბათს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, მუჰამედ იბნ სალმანთან შეხვედრაზე ბლინკენმა თქვა, რომ ტახტის მემკვიდრემ, რომელიც საუდის არაბეთის ფაქტობრივი მმართველია, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების „აშკარა ინტერესი“ გამოხატა ღაზაში ომის დასრულებისა და პალესტინური სახელმწიფოს შექმნის მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების პირობით.

„ინტერესი არსებობს, ის რეალურია, მან შეიძლება ვითარება შეცვალოს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი იტყობინება, არაბული ქვეყნებისა და თურქეთის თანხმობა, დაიწყოს ღაზის აღდგენისთვის მზადება, მათი პოზიციის ცვლილებას მეტყველებს. მანამდე ისინი უარყოფდნენ აშშ-ის მსგავს მოწოდებებს და წინასწარ პირობად ითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტას და ღაზაში მყოფი პალესტინელების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში, ისრაელი-“ჰამასის” ომის დაწყების შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მან გააჟღერა, არის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება.
ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი.

“ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას” – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც ისრაელის სახელწმიფო მედია წერს, განცხადებაში არის იმის ნიშნები, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი არ გათავისუფლდება.

ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე “განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა”.
გარდა ამისა მან მოლაპარაკება თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართა.

ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლები გათავისუფლდნენ. თავის მხრივ, ჰერცოგმა თქვა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

მისი თქმით, ისრაელი მონაწილეობას მიიღებს მოსმენებში, რომელიც 11 იანვარს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იწყება. სასამართლოს სამხრეთ აფრიკამ მიმართა და ისრაელი ღაზის მოსახლეობის გენოციდში დაანაშაულა.

ცნობისთვის ინტენსიური იერიში ღაზას სექტორზე არ წყდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტი.

“ცაჰალი” ერთი დღის განმავლობაში ათობით ტერორისტის განადგურების შესახებ იუწყება. ქვეითების წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც “ჰამასის” მიერ მოწყობილი ჩასაფრებებით არის განპირობებული. ამის მიუხედავად, ისრაელელმა სამხედროებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავი. აღმოჩენილია საწყობები, სადაც ტერორისტები რაკეტებს ამზადებდნენ და ინახავდნენ.

დაღუპულთა რიცხვი უკვე 23 000-ს აჭარბებს, დაშავებულთა რაოდენობა კი თითქმის გაორმაგებულია. გაეროს შეფასებით, მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ემატება, რაც მედიკამენტებისა და პროდუქტების შეფერხებით მიწოდებასა და ანტისანიტარიის გავრცელებას უკავშირდება.

კონფლიქტის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და მისი არეალის გაფართოება მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის ლიდერებისთვის, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საუდის არაბეთის დატოვებამდე გააკეთა.

კვლავ მძიმე ვითარებაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. “ცაჰალის” ინფორმაციით, საგრძნობლად იმატა საჰაერო შეტევების ინტენსივობამ. არ აყოვნებს ისრაელის თავდაცვის ძალების პასუხი. ოფიციალური ინფორმაცის თანახმად, წერტილოვანი დარტყმების შედეგად, განადგურებულია “ჰესბოლას” რამდენიმე სამხედრო ობიექტი.
ბლინკენი თავის ტურნეს დაასრულებს ეგვიპტეში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება.

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ეს ენტონი ბლინკენის მეოთხე მოგზაურობაა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, თეთრი სახლის მთავარი მიზანია, არ დაუშვას ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის გადაზრდა რეგიონულ კონფლიქტში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში დღეს, 9 იანვარს ჩავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button