დაზარალებულებს ფარდულები ჯერ გადაუხურეს შემდეგ კი მოხადეს – ენმ

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ბოლქვში, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფარდულები გადაუხურეს, შემდეგ კი დაიარეს და ისევ მოხადეს”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის ორგანიზაციის და ამავდროულად საკრებულოს წევრმა ვახტანგ დევიძემ განუცხადა.

ის ამბობს, რომ მსგავს ფაქტს თავად შეესწორ. დევიძის თქმით, გადაწყვეტილება პირადად კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო. დევიძე უკმაყოფილოა კომისიის მუშაობითაც.

„ზოგადი საუბრები, რომ ყველა დაზარალებულს მაქსიმალურად დაეხმარებოდნენ გამოდგა ფარსი. ერთი კვირის წინ რაიონის გამგებელმა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად დადო პირობა, რომ არამარტო სახლის სახურავებს გამოცვლიდნენ, არამედ დამხმარე ნაგებობებსაც გადახურავდნენ. ახლა დავდექით ფაქტის წინაშე, რომ მთავრობა თავისივე გადახურულ ფარდულებზე სახურავებს ხსნის და ამის მიზეზად შეცდომას ასახელებს”, – განაცხადა ვახტანგ დევიძემ.

ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს: მე დაზარალებულებს პირობა მივეცი, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლის სახურავებს შევაკეთებდით და ამ პირობას ვასრულებთ.

„ჩვენი პირობა იყო ის რაც პრემიერის განკარგულებით გაცხადდა, რომ ის საცხოვრებელი სახლები, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ მოვახდენდით ამ სახლების გადახურვას და პირობას ვასრულებთ“, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.

რადიო „ჰერეთი“ კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მშენებლის შეცდომის შედეგად 3 შემთხვევაა, როდესაც სახლის სახურავთან ერთად სათონეს გადახურვაც მოხდა და მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.

„თავად ამ ოჯახებმა გამოთქვეს სურვილი, რომ იყო შეცდომა და ის უნდა გამოსწორდე, რადგან მეზობლებთან მიმართებაში იყვნენ სამართლიანი. ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციას ავრცელებს, რადგან პირადად დავდივარ ყველა სახლში და 9 წლის გაბნმავლობაში თითი თითზე არავის დაუკარებია. ისინი მოსახლეობა სახეზეც კი ვერ ცნობდნენ“, – განაცხადა ირაკლი შოლაშვილმა.

კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 21 აგვისტოს სტიქიის შედეგად ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, იმ სახლების სახურავები, რომელთა დაზიანება 50 პროცენტზე მეტია, მთლიანად გამოიცვლება, ხოლო თუ დაზიანება 50 პროცენტზე ნაკლებია, შესაბამისი მასალით შეკეთდება.

მოუსმინეთ ვახტანგ დევიძის, კახა ჯამბურიას და ირაკლი შიოლაშვილის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button