მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უახლოეს დღეებში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი

1 დაღუპული და 5 დაშავებული – ოკუპანტებმა კრივი-რიჰის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებული სახლების და სკოლის სიახლოვეს სამხედრო ობიექტი არ არის, შესაბამისად, მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში მიზანმიმართულად მიიტანეს.

ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ ოკუპირებული ენერგოდარიდან ნიკოპოლის მიმართულებით შეტევა განახორციელა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, კვების ობიექტი და რამდენიმე სასურსათო მაღაზია. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერჯერობთ არ გავრცელებულა.

ოკუპირებული ხერსონიდან ოკუპანტებმა დაბომბეს ნიკოლაევი. როგორც ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აგრესორმა ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. უკრაინის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე განადგურებული ობიექტების შესახებ ცნობებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

საპასუხო შეტევა განახორციელეს უკრაინელმა სამხედროებმაც. დონეცკის ოლქში მათ ოკუპანტების რამდენიმე საწყობი ააფეთქეს. მოკლულია 300-მდე რუსი სამხედრო.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. უკრაინის ვიცე-პრემიერი მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

უკრაინის გენშტაბში ასევე ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ოკუპანტი დონეცკის ოლქზე მასირებული შეტევისთვის ემზადება. ამ მიზნით, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე ახლა ქალაქი სივერსკია.

ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სლავიანსკის რაიონზე შეტევებს იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, პოპასნოეს გარშემო მცირე წინსვლა განახორციელეს.

“რუსული არტილერია დონბასის რეგიონში, სლავიანსკის რაიონზე შეტევას ჩრდილოეთით იზიუმიდან და აღმოსავლეთით ლისიჩანსკიდან აგრძელებს. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, პოპასნოეს გარშემო კიდევ მცირე ტერიტორიული წინავლა განახორციელეს. იზიუმიდან ცეცხლის გახსნა მთავარი გზის ღერძის გასწვრივ გრძელდება. მთავარი გზის კონტროლი, რომელიც დონეცკს ხარკოვთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება რუსეთისთვის, როდესაც ის დონეცკის ოლქის გავლით წინსვლას ცდილობს”, – ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინაში ომი 137 დღეა გრძელდება მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button