მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმიამ სომხურ პოზიციებს არტილერიიდან გაუხსნა ცეცხლი

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმიამ სომხურ პოზიციებს მარტუნიში და მარტაკერტში არტილერიიდან გაუხსნა ცეცხლი, ასევე გამოიყენეს უპილოტო თვითმფრინავები.

სომხური მედია წერს, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამხედროები დაიღუპნენ.

სომხური მხარის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედიაც.

გავრცელებული ცნობით, აღდამის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის არმიის ერთი ჯარისკაცი დაშავდა.

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ში შეხვედრა გამართეს. არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. დიპლომატები ასევე შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.

მოლაპარაკებების მთავარი თემა, რომელიც 29 ივნისამდე გაგრძელდება, სამშვიდობო შეთანხმებაა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ენტონი ბლინკენთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ მუშაობას ხანგრძლივი და ღირსეული შეთანხმების მისაღწევად, დიალოგი კი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ში დღეს ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button