სომხეთის პრემიერმინისტრი რუსეთში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 2-დღიანი ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.
ფაშინიანი სანქტ-პეტერბურგში დღეს ევრაზიულ-ეკონომიკური საბჭოს სხდომას, ხვალ კი დსთ-ის არაფორმალურ სამიტს დაესწრება. გასულ შეხვედრებს, რომელიც ბიშკეკში გაიმართა, ის არ დაესწრო.
მან უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მონაწილეობაზეც, რომელიც ნოემბრის ბოლოს მინსკში გაიმართა. სომხეთის პრემიერის თქმით, უსაფრთხოების ის სისტემები, რომელთა მონაწილეც ერევანი იყო, ეფექტურობით არ გამოირჩეოდა.
როგორც დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა, 26 დეკემბერს არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აპირებს “არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას, მიმდინარე საკითხების განხილვას, აზრების გაცვლას” თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ლიდერებთან.
რუსული პროპაგანდისტული “რია” წერს, რომ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პუტინი შეაჯამებს გასულ წელს და განიხილავს ინტეგრაციის პერსპექტიულ სფეროებს.
14 დეკემბერს, ფაშინიანის პოზიციას ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სომხეთის მიერ ევრაზიულ-ეკონომიკური საბჭოსა და დსთ-ის დატოვება თავად ქვეყნის ინტერესებში არ შედის.