უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 16 ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 16 ირანული კამიკაძე-დრონი Shahed-136 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდლობა Telegram-ზე ავრცელებს.
მათი განცხადებით, 11 დრონი მიკოლაევის ოლქში გაანადგურეს, ხოლო სხვა კამიკაძე დრონები უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში.
ამასთან, მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი იტყობინება, რომ ღამით ოკუპანტებმა ქალაქი „ეს-300“-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.
თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.