“კარგად მესმის მოქალაქეების და არასამთავრობო სექტორის” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ “ძალიან კარგად ესმის მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია”.

“მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ ხელი შევუწყვეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რაზეც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები – თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button