მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა დედაქალაქი კიევი ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს

რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს, -დღის საათებში მსგავსი იერიშები იშვიათობაა. მანამდე რუსეთი რაკეტებით და დრონებით მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა კიევს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.
თავდასხმები, რომლებიც მკაფიოდ ჩანდა ცაზე, მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც 29 მაისის დილის 11 საათზე გაისმა გამაფრთხილებელი სირენა, რის შემდეგაც ბევრმა თავი შეაფარა სარდაფებს და მეტროსადგურებს

ცაზე აფეთქებები ქალაქის რამდენიმე ადგილიდან ჩანდა, მათ შორის კიევის ცენტრიდან
თვითმხილველები ამბობენ, რომ კიევში გაიგეს სულ მცირე 10 აფეთქების ხმა, ქალაქის თავზე ცა კვამლით იყო დაფარული.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო დღის განმავლობაში რუსეთის მიერ ქალაქისთვის ნასროლი 11-ვე “ისკანდერის” ტიპის რაკეტა. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
„მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა – წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, – განაცხადა იგნატმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პოდილსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევების შედეგად ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში რაკეტების 6 ნამსხვრევი ჩამოვარდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ობოლონსკის და პოდოლსკის რაიონებში რაკეტების ნამსხვრევები დაეცა საავტომობილო გზას და 2-სართულიანი სახლის სახურავს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო, ერთ საათზე მეტხანს განგაში იყო გამოცხადებული კიევის გარშემო მდებარე პოლტავის, ჩერკასკის, ვინიცის, ჩერნიგოვის, სუმის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებშიც. რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მასირებული საჰაერო შეტევა წუხელაც განახორციელა. საჰაერო განგაში დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 40-მდე ფრთოსანი რაკეტა და 35-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 37 რაკეტა, 29 ე.წ. დამრტყმელი დრონი და 1 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button