მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა

კანადის ნაკრებმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, როცა ულამაზეს სტილში დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები.

კანადელთა ტრიუმფზე ფინალში ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო – ანგარიშიც (6:1) და დარტყმების შეფარდებაც (37-12) კარგად მეტყველებს ყველაფერზე. ეს სტატისტიკა მართლაც იწვევს გაკვირვებას, რადგან ორ-სამ ჰოკეისტს თუ არ ჩავთვლით, რუსებს პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდათ ჩეხეთში ჩაყვანილი, რასაც ვერ ვიტყვით კანადაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი პლანეტის პირველობაზე.

და შედეგიც სახეზეა – ჩემპიონმა ტურნირზე ათიდან ათი მატჩი მოიგო, შაიბების შეფარდებით – 66:15. მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. კანადა ამ ოქროს 2007 წლიდან ელოდა და 25-ედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ ფინალში თამაშით არ შეირცხვინა თავი. კანადასთან მატჩის შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიის დროს რუსები არ დაელოდნენ გამარჯვებული გუნდის საპატივცემულოდ კანადის ჰიმნის აჟღერებას და გასახდელისკენ გაემართნენ.

ამ სამარცხვინო ეპიზოდს გამოეხმაურა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი, რომელმაც რუსები მეტოქის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

“როცა ეს საკუთარი თვალით დავინახე, უდიდესი იმედგაცრუება ვიგრძენი. სასჯელი აუცილებლად იქნება”, – განაცხადა ფაზელმა.

მისი თქმით, ჰოკეისტების მოედნიდან გასვლა უნდა აღეკვეთათ რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ოლეგ ზნაროკსა და გენერალურ მენეჯერს ანდრეი საფრონოვს.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ სასჯელს მართებულად ჩათვლის, თუ შესაბამისი სანქცია მართლაც არის გათვალისწინებული ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით.

მსგავსი პოსტები

Back to top button