მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ხანგრძლივ კონფლიქტს შესაძლოა რუსეთის დაშლა მოჰყვეს

უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები NATO-ში გაწევრიანებამდეც სჭირდება

კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი – ხელმძღვანელი გასამხედროებული ჯგუფისა “ვაგნერი”, რომელიც წამყვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში – აცხადებს, რომ უკრაინაში ხანგრძლივ კონფლიქტს შესაძლოა რუსეთის დაშლა მოჰყვეს.

15 აპრილს, ტელეგრამით გამოქვეყნებულ განცხადებაში პრიგოჟინმა მოსკოვს მოუწოდა უკრაინაში თავისი მიზნები “მიღწეულად” გამოაცხადოს და დაასრულოს იქ მიმდინარე ბრძოლა. პრიგოჟინის თქმით, “ბევრი მათგანი, ვინც გუშინ მხარს უჭერდა საგანგებო ოპერაციას, დღეს ან ეჭვებშია, ან კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება”.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები NATO-ში გაწევრიანებამდეც სჭირდება. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ყველა მონაწილის პოზიცია ალიანსის სამიტზე, რადგან ევროპის უსაფრთხოებისთვის სწორედ ეს არის საჭირო. ამის შესახებ ზელენსკიმ 15 აპრილის მიმართვაში ისაუბრა.

“ეფექტური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის – წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის – ალიანსში გაწევრიანებამდეც საჭიროა”, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი, რომელიც მისი თქმით, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო – კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მადლობელია იმ პრინციპების მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის საწინააღმდეგო კოალიციას აერთიანებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორია ყველა ოკუპანტმა უნდა დატოვოს, ასევე, გაეროს წესდების ყველა პუნქტი კვლავ ამუშავდეს და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის არცერთი დარღვევა უგულებელყოფილი არ უნდა იყოს.

“მშვიდობის დაბრუნებას და მის სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. დიდება ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვიან”, – განაცხადა მან.

ამასთან, 16 აპრილს ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ თუ ერთი წლის წინ უკრაინის გამძლეობისთვის, ახლა ქვეყნის გამარჯვებისთვის ლოცულობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button