მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტი მიიწვია

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას როგორც კრემლი, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებენ.

ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერება ხელი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სტუმრობა რუსეთში იქნება მეგობრული ვიზიტი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი დაიცავს ობიექტურ პოზიციას უკრაინის მიმართ და შეასრულებს კონსტრუქციულ როლს მოლაპარაკებების წინსვლაში.
კრემლში ასევე აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ “არაერთ მნიშვნელოვან” ორმხრივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.

მანამდე, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს. ამასთან, გამოცემა მიუთითებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებსაც ეწვიოს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

მედიის განცხადებით, ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს შედგება, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პეკინის მცდელობაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა, რასაც ევროპაში თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდნენ.

გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება – გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.

ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:

ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;
ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;
ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
სტრატეგიული რისკების შემცირება;
მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;
ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;
პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.
ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.

შეგახსენებთ რომ ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button