აზერბაიჯანელთა მტერს ჯავახეთში ძეგლი დაუდგეს

20 იანვარს სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი და სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდა.
ღონისძიება დაემთხვა თარიღს, რომელიც აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. 28 წლის წინ ამ დღეს ბაქოში დაწყებული შეტაკებებისას დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე (ეს დღე ცნობილია, როგორც “შავი შაბათი” ან “იანვრის ხოცვა”).
ჯავახეთში ავაქიანის ძეგლის გახსნა აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. “ხოჯალის ჯალათს საქართველოში ძეგლი დაუდგეს” – ამ სათაურით გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემა meda.az- მა ძეგლის გახსნის ფოტოები.
“საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელიც არ შეესაბამება ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს”, – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტო haqqin.az-ს.
ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა კი განაცხადა, რომ ძეგლის დადგმის შესახებ ინფორმაცია მის გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიგო.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტის, შოთა თუთბერიძის თქმით, მომხდარის გამართლება იმით, რომ ძეგლი უკვე იდგა და ძველის ახლით შეცვლა ნებართვას აღარ საჭიროებდა, არასწორია.
„მონუმენტის შესაცვლელადაც უნდა გაცემულიყო ნებართვა. სახელმწიფომ უარყო ფორმალური მონაწილეობა ამ პროცესში. საქართველოს ოფიციალური პოზიცია ყარაბაღთან დაკავშირებით ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, აქედან გამომდინარე, ყარაბაღის ომის გმირის ძეგლის დადგმა და დაფიქსირება, რომ ის ჩვენი საზოგადოებისთვის გმირია, არ არის კარგი. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მიუხედავად ეთნიკური შემადგენლობისა, ამ ნაბიჯებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ“, – ამბობს “სამხრეთის კარიბჭესთან” შოთა თუთბერიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ელჩების შეხვედრას თბილისსა და ბაქოში და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
“აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხა ზედმეტია.”