მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

33 ქართველი რომლებიც სუდანის დედაქალაქში იმყოფებოდნენ ეგვიპტეში არიან გადაყვანილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის პირველი ფაზა. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დღეს, 25 აპრილს, დილით განაცხადა, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან გაყვანილი მოქალაქეები სუდანი-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან და მათ გადაიყვანენ ეგვიპტის ტერიტორიაზე, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრებიან:
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მათ საქართველოში დააბრუნებენ.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, კომპანიების აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ეს ევაკუაცია წარმატებულად და საქართველოს არცერთი მოქალაქე ამ მომენტისთვის სუდანში არ იმყოფება. ყველა არის უსაფრთხოდ გამოყვანილი ამ ქვეყნიდან“.
ავიაკომპანია “ჯეოსქაის” ვიცე-პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განცხადებით, სუდანში ჩარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა სუდანი დატოვეს და უკვე ეგვიპტეში იმყოფებიან, საიდანაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან.

“დღეს დილით, ჩვენი დროით დაახლოებით 08:00 საათზე გადაკვეთეს სუდანი-ეგვიპტის საზღვარი, მათ დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში, რომელიც უზრუნველყოფს მათ დროებით განთავსებას სასტუმროში და შემდგომ ტრანსპორტირებას კაიროში, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ მათი საქართველოში დაბრუნების პროცესს”, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.
15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს.

ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ – გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.

ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button