მნიშვნელოვანისიახლეები

დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გეგმა მოიცავს მიმდინარე წელს მთავრობის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით შემუშავებული ამოცანების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად.

მთავრობის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე გაანალიზდება ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში არსებული პროგრესი, რომლის მიზანია სამოქმედო გეგმის შესაბამისად აქტივობების განხორციელების შესახებ უახლესი ინფორმაციის წარმოდგენა, ხოლო მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ შემუშავდება მონიტორინგის წლიური ანგარიში, რომელიც აღწერს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს მთელი წლის განმავლობაში. წლიური ანგარიშები გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტია. დოკუმენტი 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ხედვის ძირითად ელემენტებს აყალიბებს და მოიცავს განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. სტრატეგიის განხორციელების პროგრესის გასაზომად და შესაფასებლად დოკუმენტს თან ერთვის ლოგიკური ჩარჩო, შესაბამისი თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორებით.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაიწყო და ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ითვალისწინებს, როგორებიცაა: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, საჯარო სამსახური, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის გაძლიერებას, მთავრობის ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გამარტივებას.

საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტისა (OECD/SIGMA) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.

“როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიკამენტების შესახებ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ზუსტად ერთ თვეში, 15 მარტს გაიზრდება იმ წამლების ჩამონთვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესდება.

“პირველი ეტაპი რეფერენტული ფასების დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე უკვე რეფერენტული ფასების მიხედვით მოექცა ჩარჩოებში და მნიშვნელოვნად დააკლო ფასებს. ეს იცით, რომ არის პირველი ეტაპი და უკვე მომდევნო პერიოდში გავავრცელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას, კიდევ სხვა მედიკამენტების ჯგუფებზე.

პირველი ეტაპის მეორე ნაწილი იქნება და ეს გაგრძელდება როგორც ქრონიკულზე, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და საერთო ჯამში უკვე დღეიდან ამოქმედებული ფასების მიხედვით, დაახლოებით 800-ზე მეტ მედიკამენტებზე ვრცელდება უკვე ფასების ზედა ზღვარი და საშუალოდ 40%-მდე ფასდაკლება იქნება ჯამში ყველა მედიკამენტზე,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button