საუკეთესო საშობაო ალბომები რადიო თბილისისგან

უმეტესი ჩვენგანი, წლების მომატებასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ყოველი ახალი წლის მოახლოვებას უფრო ნაკლებად ველით ვიდრე წინა წელს და განსაკუთრებით – ბავშვობაში. იშვიათია დღევანდელ სწრაფ სამყაროში ნახო ადამიანი, რომელსაც არ სურს მოდუნება და უდარდელ დროში ცოტახნით დაბრუნება, სადაც ის ელოდა საახალწლო საჩუქრებს ნაძვისხის ქვეშ და ტარხუნის ლიმონათით ხელში ოცნებობდა მეორე დილით, ახალგაღვიძებულს, თოვლიანი ნაძვები დაენახა ფანჯრიდან.

რადგან განწყობის თეორია ყოველ წელს უფრო და უფრო აქტუალური ხდება და პრაქტიკულად მომგებიანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად, გთავაზობთ იმ საშობაო ალბომებს, რომლებიც დაგეხმარებათ წინასაახალწლო გუნება არანეიტრალურად მომართოთ და ნიგვზის ფასის გაგებისას და საჩუქრების შერჩევისას ნაკლები ინერვიულოთ.

7. Willie Nelson – Pretty Paper

ქანთრი მუსიკის 83 წლის ლეგენდა, უილი ნელსონი ყველასგან გამორჩეული ხმითა და ძალიან გრძელი, ქერა ნაწნავებით გამოირჩევა. 70იანი წლების დიდი მუსიკალური ეპოქა ნელსონმა საშობაო ალბომით – ‘Pretty Paper’ დაასრულა. 1979 წელს გამოსული ეს ალბომი ძალიან უხდება საღამოს მანქანით ნელა ‘სეირნობას’.

6. Elvis Presley – “Elvis’ Chrismas Album”

იცოდით, რომ ელვის პრესლის საკუთარ სიმღერებს არ წერდა? მან ერთადერთხელ ვერა მეტსონთან ერთად “Love Me Tender”-ის შექმნაზე იმუშავა, დანარჩენი კარიერის განმავლობაში კი ცნობილი სიმღერების დაქავერებით იყო დაკავებული. მიუხედავად ამისა, მისი ენერგიული ქარიზმის გამო ის დღემდე როკ ენ როლის შეუცვლელ მეფედ მოიხსენება. ალბომში 12 სიმღერა შედის და საშობაო ალბომების ერთერთი ბესტსელერია.

 

5. The Beatles – “The Beatles Chrismas Album”

მართალია ეს ალბომი გაყიდვაში არასდროს გამოსულა, მაგრამ არსებობს ბითლზის საშობაო სიმღერების დიდი კოლექცია, რომელიც ჯგუფის წევრებმა ფან-კლუბისთვის შეადგინეს. მისი მოსმენა YouTube-ზე შეგვიძლია.

4.Low – ‘Christmas’

წარმატებული ამერიკული ინდი ბენდის ეს ალბომი ძალიან ლამაზი ვოკალური და მელანქოლიური ინსტრუმენტალური პარტიებით გამოირჩევა. ამ ალბომში 4 ტრადიციული სიმღერის ქავერსა და 4 Low-ის სიმღერას შეხვდებით.

3.Various Artist – A Very Special Christmas

U2, ბრიუს სპრინგსტინი, მადონა, უიტნი ჰიუსტონი, სტინგი და სხვა ლეგენდარული მუსიკოსები 1987 წელს ამ საქველმოქმედო ალბომის ქვეშ გაერთიანდნენ. ნოსტალგიის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბავშვობის დროინდელი მუსიკოსის ხმის ან ნაცნობი მელოდიის გაგებაა, რომელსაც შემდეგ უამრავი კარგი მოგონებების შტორმიც შეიძლება მოჰყვეს. ამ ალბომში კი ასეთი განცდა უამრავჯერ შეგექმნება თუ ოდესმე ამ მუსიკოსების ვინილებზე გინადირია ან უბრალოდ რადიოში ბევრჯერ მოგისმენია.

 

2.Ella Fitzgerald – ‘Ella Wishes You A Swinging Christmas’

ჯაზის მოყვარულებისთვის საუკეთესო საშობაო ალბომი და არამხოლოდ. ელა ფიტჯერალდის გულწრფელი ბედნიერება გადამდებია. მისი შესრულების ენერგია ბავშვური იყო – გულუბრყვილოდ გახარებული საუბრობდა სიმღერებს შორის, ბევრს მოძრაობდა, ელაპარაკებოდა ბენდის წევრებს, მაყურებელს და ა.შ. თუ ეს ალბომი არ მოკლავს თქვენს შინაგან გრინჩს, მაშინ სჯობს თავი დაანებოთ საშობაო მუსიკების ძებნას და ისევ გასაბრაზებელი მიზეზების ძებნა დაიწყოთ საზოგადოებაში, ოჯახში, მთავრობაში, რუსეთში, ევროპაში და ა.შ.

1. Phil Spector & Artists – ‘A Christmas Gift for You from Phil Spector’

საშობაო კლასიკა გენიალური პროდიუსერი ფილ სპექტორისა და სხვადასხვა მუსიკოსებისგან. 1963 წლის 22 ნოემბერს ლი ჰარვი ოსვალდმა ჯონ კენედის ესროლა და რამდენიმე საათში ეს ალბომიც გამოვიდა. რადგან ამერიკაში ტრაგედია დატრიალდა, ალბომმა დიდი ცნობადობა ვერ მოიპოვა. წლების შემდეგ ის ბესტსელერი გახდა და დღემდე საშობაო კლასიკადაა მიჩნეული. ფილ სპექტორი ამ ალბომში იყენებდა მის გამოგონილ ტექნიკას, რომელსაც ‘ხმის კედელი’ ერქვა. ფილის მიზანი იყო ძველებური რადიო გამომცემი აპარატურისთვის ისეთი ჟღერადობა შეექმნა, რომ ხმა სუფთა და მაღალი ყოფილიყო. ამისთვის ის რამდენიმე მუსიკოსს (მაგალითად: 3 დრამერსა და 3 გიტარისტს) ერთად აკვრევინებდა ერთსა და იმავე პარტიას და ამის შემდეგ უკეთებდა მასტერინგს. ტექნიკამ გაამართლა და სპექტორის სხვა ალბომებიც წარმატებული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მისი სახელი ისტორიაში ჩაიწერება როგორც მკვლელი და არა როგორც გენიალური მუსიკალური პროდიუსერი.

ყველა ამ ალბომის მოსმენა შეგიძლიათ რადიო თბილისზე FM 93.5 და რადიო ჰერეთზე FM 102.8

რადიო თბილისისა და ჰერეთის გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, რომ გოზინაყი არ დაგეწვათ, ვალებში არ გადავარდეთ, ახალი წლის ღამეს მართლა შეგემთხვეთ სასწაულ(ებ)ი და მშვიდად შეხვდეთ, იმედია, უკეთეს 2017 წელს. 🙂

მსგავსი პოსტები

Back to top button