მსოფლიოსიახლეები

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხაბაროვსკში

რუსეთში, ხაბაროვსკში მხარის დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის გათავისუფლებისა და ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიტინგი ყველაზე ხალხმრავალია ქალაქის ისტორიაში და მასში მონაწილეობა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე “უკვდავი პოლკის” აქციაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავიდან პოლიცია მომიტინგეებს ქალაქის მთავარ მოედანზე არ უშვებდა და მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოებს ასახელებდა, თუმცა მოგვიანებით მომიტინგეებმა სრულად დაიკავეს ლენინის ცენტრალური მოედანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად ხალხმრავალი მიტინგები ჩატარდა რეგიონის სხვა ქალაქებში.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სერგეი ფურგალის გათავისუფლებას და ვლადიმირ პუტინის გადადგომას ითხოვდნენ. აქციაზე, ასევე, ისმოდა მოთხოვნები, რომ ცენტრალური ხელისუფლება მხარეს უნდა შეეშვას.

პროტესტის მიზეზი მხარის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებაა, რომელიც მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს. სერგეი ფურგალი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია. მან გუბერნატორის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა.

უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე ხაბაროვსკში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. სხვა რეგიონებთან შედარებით, დაბალი იყო ცვლილებების მხარდამჭერთა რაოდენობაც. ადგილობრივები ფურგალის დაპატიმრებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

ფურგალის დაკავებას ხმაური მოყვა რუსეთის სახელმწიფო დუმაშიც. კერძოდ, დუმას სხდომაზე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ფურგალის გათავისუფლება მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოდან გასვლით დაიმუქრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button