ახალი ამბებიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

კონდოლში მოზარდი თანატოლმა იარაღით დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 9 წლის მოზარდს თანატოლმა პნევმატური იარაღიდან, ე.წ. „ტირის თოფით“ შემთხვევითი გასროლით დაზიანება მიაყენა.

მცირეწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, იარაღი იმ მოზარდს ეკუთვნის, რომელმაც გასროლა განახორციელა.
ერთ-ერთი ადგილობრივი ჰერეთს უყვება, რომ ბავშვები სახლთან ახლოს იარაღით თამაშობდნენ.

„იარაღი მხარზე ედო და შემთხვევით გაუვარდა. ახლოს მდგარან ერთმანეთთან. ბავშვს ღვიძლი აქვს დაზიანებული“, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მოზარდების ოჯახები მედიასთან კონტაქტს თავს არიდებენ, თუმცა დაზარალებული ბავშვის მამიდა ამბობს, რომ ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო რამდენიმე საათში გაუჯობესებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტის მონაწილე ორივე პირი, 14 წლამდე ასაკისაა.

ასეთი პირებისათვის კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განმარტავს, რომ პნევმატური იარაღის მფლობელს სპეციალური ლიცენზია ანუ ნებართვა მის ფლობაზე არ ესაჭიროება.

მსგავსი პოსტები

Back to top button