ვეტომდე ჯერ ბევრი დროა-ოპოზიცია და მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს აფასებენ

ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და დაეფუძნება მხოლოდ ჯანსაღ არგუმენტებს.
„ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ დაინტერესება აქვს, განხილვებში ჩაერთოს და საპარლამენტო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით ალბათ, საჭირო იქნება ოპოზიციასაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, იმიტომ, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და არ აკეთებს იმას, რაც დემოკრატიული წესებით ევალება. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე იქნება პოლიტიკური პროცესი, უნდა შედგეს განხილვები და ეს არის რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი” ,- აცხადებს თალაკვაძე.
მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა იქნა აღიარებული და საქართველომ მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ასევე უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან გაკეთდა პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს ძლიერი მხარდაჭერა. შესაბამისად, მისივე თქმით, ეს არის რეალობა
თავად კანონპროექტის ავტორები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის განცხადებას საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებენ.
საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, შესაბამისად, მის შიგნით უნდა წყდებოდეს, რომელ კანონს მიიღებს და რომელს არა.
“თუ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენ სუვერენიტეტი სრულყოფილი არ გვჭირდება, ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთი ქვეყნის მონობა არ გვინდა. არც რუსეთის, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია სამწუხაროდ, ამბობს, რომ რუსეთის მონობა არ გვინდა, თუმცა ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თუ ამერიკის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მონა ვიქნებით, ამას არაუშავს. ამას ისინი პირდაპირ ამბობდნენ. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს კოლონიალური აზროვნება არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ხალხმა ვინ უნდა აირჩიოს და ვინ არ უნდა აირჩიოს, რა კანონი უნდა მიიღოს და არ უნდა მიიღოს, ეს უნდა წყდებოდეს საქართველოში,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის – არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი მიუღებელია და აპირებს, ვეტო დაადოს.
პაპუაშვილის თქმით, საკითხზე მსჯელობა ჯერ მხოლოდ ახლა გაიხსნა და საშიში სიგნალია, რომ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა.
„ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის. ეს ნიშნავს მოტივირებული შენიშვნით არ მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შენიშვნები. ჯერ პროექტი არცაა მიღებული და არა მხოლოდ მიღებული არაა, არამედ რომელი პროექტი უნდა მივიღოთ, ესეც საკითხია. მსჯელობა ჯერ მხოლოდ გაიხსნა. საშიში სიგნალია, რომ გახსნისთანავე ამ დისკუსიის სტიგმატიზება მოხდა. არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებამ გახსნილობა უნდა აჩვენოს ამ დისკუსიაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება უმეტესწილად მის სახელწოდებას უკავშირდება და არა შინაარს.
„დისკუსია ახალი არაა, უბრალოდ ასე საჯარო არ იყო, პირიქით, კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა, არასამთავრობო სექტორში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი სისტემა საკმარისი არაა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ეს დისკუსია კარგია. ის, რაც შეშფოთებას იწვევს ხოლმე, (მაქვს კომუნიკაცია პარტნიორებთან) უკავშირდება სახელწოდებას. შენიშვნები არის არა შინაარსთან, არამედ ფორმასთან დაკავშირებით. თქვან მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, თუ ამ ფორმას მოვაცილებთ, მისაღებია თუ არა გამჭვირვალობა. ეჭვი მაქვს, რომ პრობლემა არის არა ფორმაში, არამედ შინაარსში, რომ გამჭვირვალობა არ იყოს დადგენილი. ფორმას რაც შეეხება, ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ტერმინი არ მოსწონთ, ალტერნატიული ტერმინები შემოგვთავაზონ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც “უცხოური გავლენების შესახებ” კანონზე ვეტოს დადება დააანონსა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ვეტოს იდეას იზიარებენ და აცხადებენ, რომ ეს იქნება რუსული მოდელის გადმოტანა საქართველოში.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის გზავნილს იზიარებს.
“იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ეს იქნება ნამდვილად სიძულვილი საქართველოს იმ მოქალაქეების, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, რუსული კონცეპტუალური მოდელის გადმოტანა საქართველოში. ამიტომ, მე სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის ამ გზავნილს და ნამდვილად ვეტო ზუსტად არის გზავნილი საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ არავინ, ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც დღეს ქართული ოცნება და მისი განშტოებაა,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის მოსაზრებას იზიარებენ და ამბობენ, რომ არ დაუჭერენ მხარს მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ არც ერთ კანონპროექტს.
პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებაც კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას.
შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
“ამ კანონპროექტით, ოცნება ეწევა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ დივერსიას და არა თუ ევროკავშირის კარი ჩაიკეტება ოცნების მიერ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, არამედ არსებული სტატუს კვო დაინგრევა. იმიტომ, რომ არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და პარტნიორმა ღიად გააკეთა განცხადება, რომ თანამშრომლობა, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ საქართველოსთან და რომელიც მოიცავს მილიონობით დახმარებას ქართველი ხალხისთვის, ეს თანამშრომლობა იგივე რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
NATO-ს განცხადებით, პარლამენტში ამის განხილვა უკან გადადგმული ნაბიჯია.
“NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს”, – ნათქვამია ოფიციალურ პასუხში.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.
მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ “ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანა დააშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და “გააჩუმეს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს”. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
“გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს, რისი სურვილიც საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ბოლო ათწლეულებში. განცხადებები, თითქოს ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”, აშკარად მცდარია. კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული კანონმდებლობა”, – განაცხადა პრაისმა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და “უცხოური აგენტების” “გამოვლენა” სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს უარი თქვას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული “რუსული კანონპროექტის” განხილვაზე. წერილით მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე გამოგზავნა.
ის ამბობს, რომ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობაზე.
“ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა ბადებს მთელ რიგ შეშფოთებას ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაკავშირებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ღელვის საგანი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტური სარგებლობისა და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ”, – ამბობს კომისარი.
კომისარი პარლამენტს მოუწოდებს ცალსახად აიღოს ვალდებულება ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და რეზონანსულ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, ისევე როგორც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელ გარემოს.
დედა სიდონია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს პარლამენტში ინიცირებულ “რუსულ კანონპროექტთან” დაკავშირებით. დედა სიდონია ამბობს, რომ ამ კანონის მიღება სამშობლოს დააკარგვინებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
“ის ადამიანები უნდათ რომ იწოდებოდნენ უცხოეთის აგენტებად, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს, ამ ქვეყნის, მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, როგორღაც ჩიხიდან გამოიყვანეს უცხოეთიდან დაფინანსებული წარმოებით და უამრავმა ადამიანმა, ქართველმა, ნახა ამით განვითარება და ბედს ეწია”, – ამბობს დედა სიდონია.
მისივე თქმით, ხალხი დაბნეული და შეშინებულია და ერი დაუჯერებს პატრიარქის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
“პატრიარქო, თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენ სამშობლოს, შეიძლება ახლა ბევრისთვის ძალიან მძიმე რამ უნდა გითხრათ, მაგრამ განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომელიც მე ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გავწირე, რომ სამშობლოსთვის, ჩვენი ერისთვის, ქართველი ხალხის განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, თქვენ გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი, მხოლოდ თქვენ დაგიჯერებენ პატრიარქო, მხოლოდ თქვენ, არავინ სხვას. არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს რუსეთთან ხედავთ”, – ამბობს დედა სიდონია.
“NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და “ოცნებიდან” ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.