მნიშვნელოვანისაქართველო

თამარ ბაჩალიაშვილი წარმოშობით საინგილოდან იყო

თეთრიწყაროს რაიონში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი წარმოშობით საინგილოდან, კახის რაიონიდან იყო. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს ბაჩალიაშვილის სკოლის მეგობრებმა განუცხადეს.

ბაჩალეიშვილმა სკოლა კახის რაიონში დაამთავრა და მოგვიანებით წარჩინებით სწავლა საფრანგეთში განაგრძო. იგი პროგრამისტი იყო, ინფორმატიკას საფრანგეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე ქალაქ რენში, გამოყენებითი მეცნიერების ეროვნული ინსტიტუტში სწავლობდა. 2016 წლიდან ამ დრომდე არის თსუ-ში არსებული ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტი. 2020 წელს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამართულ საფაკულტეტო კონფერენციაზე მისი მოხსენების თემა იყო: “ვებ-აპლიკაციები კომპანიების შეფასებისთვის”, მოხსენების თანაავტორი მიშიკო სამხარაძე.

სწავლის პარალელურად ორ სამსახურში მუშაობდა. სოციალურ ქსელი ლინკდინ-ის თანახმად, ერთი მათგანია ვებდეველოპერული კომპანია “ზეგ”, მეორე კი შესაძლოა იყოს ავსტრიული კომპანია, თუმცა ოჯახის წევრების და თანამშრომლების მხრიდან ინფორმაცია მისი მეორე სამსახურის შესახებ მედიასთან არ დაკონკრეტებულა.

მედიაში გავრცელებული ვერსიების თანახმად კომპანია “ზეგ”-ი ე.წ “ტროლების ქარხანას” წარმოადგენდა, თუმცა მისი წარმომადგენელი უარყოფს მათთან კავშირს. ამბობს, რომ იმ შენობაში, სადაც მათი ოფისია განთავსებული, ჭავჭავაძის გამზირზე, არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აქ მართლაც ფუნქციონირებდა ე.წ. “ტროლების ქარხანა”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანია “ზეგ”-ის ოფისიდან, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამოიღო კომპიუტერები.

ამ დრომდე უცნობია გამოძიებამ შეძლო თუ არა თამარის პირად კომპიუტერში შეღწევა და რა ინფორმაციას ფლობს.

ოჯახს ორმა სხვადასხვა პირმა საგამოძიებო უწყებებიდან ორი განსხვავებული სახის ინფორმაცია მიაწოდა – მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრეს, რომ გახსენეს და მათი შვილი “დიდ პრობლემებში იყო გახვეული”, დედას კი ღამით გამართულ აქციაზე გამომძიებელი შესჩიოდა, რომ კომპიუტერის პაროლს “ვერ ტეხდნენ.”

მას შემდეგ, რაც ოჯახმა გარდაცვალების შესახებ გაიგო, 23 წლის პროგრამისტის მამამ კიდევ ერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის სამსახურთან, საიდანაც ხშირად გაღიზიანებული და აგრესიული ბრუნდებოდა ხოლმე.

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მათ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. როგორც კობერიძე აცხადებს, ის ხშირად ამბობდა, რომ სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა უჭირდა.

„არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ძალიან მორიდებული და კარგი გოგო იყო, რომელიც კონფლიქტში არავისთან იყო. სამსახურიდან ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ გაჟღერებულა ის, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწავლობ და ბევრი დრო აღარ მაქვსო. შესაბამისად, ჩემთვის სიუპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე რომ მიდიოდა“,- აცხადებს თამარ კობერიძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

“პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, – აცხადებს თამარ კობერიძე.

ჯერ-ჯერობით უცნობია ისიც, რა დროს და როგორ აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას, სადაც 22 ივლისის დღის პირველ ნახევარში იპოვეს. უცნობია, აღენიშნება თუ არა ცხედარს ძალადობის ნიშნები, ცნობილია რომ მანქანის უკანა საბარგულზე ნანახი ახალგაზრდა ქალის ცხედრის და ამავე მანქანაში არსებული მედიკამენტების პოვნის შემდეგ გაჩნდა თვითმკვლელობის ვერსიაც. ოჯახისთვის ეს ვერსია არადამაჯერებელია.

ამ დროის მონაცემებით, ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზაშია, სადაც 7 საათზე მეტია საგამომძიებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზამ ცხედარის გადასვენებაზე ოჯახს უარი  იმ მოტივით უთხრა რომ ყინული არ ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით ოჯახმა განაცხადა რომ ყინული ექსპერტიზას თავად მიაწოდა.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ყინული არ აქვთ. ბიძაშვილი იყო და იმას უთხრეს, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ გადმოვასვენებთო, თან ყინული არ აქვთ, ამიტომაც შევფერხდით, არ ვიცი. მერე ბიჭებმა ირბინეს, ყინული ნაშოვნია და დილით ადრე უნდა მივიტანოთ“, – აცხადებს გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. მისივე თქმით, ტყუილია თითქოს გოგონას დრონით ეძებდნენ.

„დღეს ვნახე, როგორც ხელის გულზე, ისე ჩანს მანქანა. ტყუილია, რომ იძახიან დრონი გავატარეთო. წელავდნენ, სანამ გუშინ აქცია არ ჩატარდა და ხალხის აგრესია არ დაინახეს, იქამდე არ გამოჩნდა და მე ვფიქრობ, ალბათ არ გამოჩნდებოდა. არ მჯერა, რომ ეს თვითმკვლელობაა, ეს გარედან მოდის. ეჭვი მაქვს და ამასაც მერე დავამტკიცებთ“,- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა „მთავარის“ ეთერში.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არავის არაფერი შერჩება. ადვოკატი ამბობს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არაკომპეტენურად და ძალოვანი უწყებებისთვის არსებული მოთხოვნების შეუსაბამოდ ხდებოდა.

„ოჯახის წევრებს აქვთ ბევრი კითხვა კომპიუტერთან დაკავშირებით. ერთი საგამოძიებო ორგანო ეუბნებოდათ, რომ კომპიუტერი გავხსენით, მეორე თანამდებობის პირი იძახდა, ვერ გავხსენით და რაღაც ცუდი ტონალობით ესაუბრებოდნენ. ამასაც დავადგენთ, რატომ შეიქმნა ასეთი პირობა და ძალიან ვაჭრულად და არაკომპეტენტურად, ძალოვანი უწყებებისთვის არსებული მოთხოვნების შეუსაბამოდ ხორციელდებოდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ძალიან ცუდი ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს. ამას ყველაფერს უახლოეს დღეებში დავადგენ და ყველას პირობას ვაძლევ, რომ არავის არაფერი არ შერჩება. ეს დადგინდება. ასეთი ანგელოზი ბავშვი ასეთ მდგომარეობაში გინდ მიიყვანოს ვინმემ ან გინდ მოიშოროს, არავის არაფერი შერჩება“,-აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება მომხდარის შესაძლო კავშირს გარდაცვლილის სამსახურთან, მიხეილ რამიშვილის თქმით, უნდა გაირკვეს ხომ არაა რაიმე შემხებლობა და გარკვეულ კავშირში.

„მისმა ოჯახის წევრებმა ბოლომდე არ იცოდნენ, სად მუშაობდა. როგორც მშობლებმა მითხრეს, თავს იკავებდა, რომ ინფორმაცია სცოდნოდათ მშობლებს“, – აღნიშნავს ადვოკატი.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button