მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სამწლიანი პაუზის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულება

თითქმის სამწლიანი წყვეტის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტზე პირველად გამოქვეყნდა მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულება. დოკუმენტს ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერა აქვს.

დოკუმენტის ნომრით ირკვევა, რომ წელს მთავრობას გამოცემული აქვს კიდევ 180 განკარგულება, თუმცა ისინი ვებსაიტზე არ იძებნება. 12 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი კი შეეხება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვილებების შეტანას.

საქართველოს მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულებების გამოცემა შეწყდა 2020 წლის 26 სექტემბერს, როცა პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია. მას შემდეგ თითქმის სამი წელი იმუშავა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი ხელმოწერით გამოცემული არცერთი განკარგულება არ იძებნება მთავრობის ვებსაიტზე.

პარტია “ქართული ოცნების” საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებები არ ქვეყნდებოდა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ყველა “ნაცი”, “ნაცმედია” და “გახარიები” ერთად, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების [გამოქვეყნდეს გადაწყვეტილებები] შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს და მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით…

არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა. შემდეგ, სამწუხაროდ, პრაქტიკა გაგრძელდა”, – თქვა მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს.
მდინარაძის თქმით, პრემიერობის დროს გიორგი გახარიამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოქვეყნებულიყო განკარგულებები და ამას საბაბად დაურთო ვებსაიტის განახლების მოტივი.

გახარია 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა პრემიერის თანამდებობას, მას შემდეგ კი თითქმის სამი წელი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტის დიზაინი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ევროკავშირის დაფინანსებით განახლდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ კი ისევ ძველი “ინტერფეისი” დააბრუნეს. მედია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობს მიზეზის დადგენას.

განკარგულებების თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ დაინახა, რომ თუ ვინმე არასწორად იქცეოდა, ეს თავად გახარია იყო. იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, გახარია თავის მართლების რეჟიმშია.

„განკარგულების თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა. არადა, ამ მიმართულებით თავდასხმას არავინ გეგმავდა, უბრალოდ, კონკრეტული საკითხი აბსოლუტურად მართებულად დაისვა და ირაკლი კობახიძემ უნაკლოდ გადაწყვიტა. მთავრობის პოზიცია გამომჟღავნდა და შემდეგ დაიწყო თავდასხმა, რის შედეგადაც მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ, რადგან ყველაფერი გაშიშვლდა და ყველამ დაინახა, რომ ვინმეს არასწორი ქცევა თუ ჰქონდა, ეს თავად გახარია იყო და იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ხოლმე, ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ. გახარია თავის მართლების რეჟიმშია და რა მიზეზს მოიტანენ, არ ვიცი, უაზრო კრიტიკა აღარ არის საჭირო. ისე არ აღმოჩნდეს, რა ბომბებსაც ამზადებენ, თავიანთ ხელში არ აუფეთქდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით დასაფარი არაფერია და ყველა განკარგულება გამოქვეყნდება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ახლა „არის მცდელობა, უცნაური სიტყვებით რაღაცები გააშავონ“.

„საკუთარი ლოგიკის ხმაურიანი სიტყვებით გამდიდრება სჭირდებათ, თუმცა მათ ლოგიკას ნაკლოვანება აქვს. ირაკლი კობახიძემ თქვა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით დასაფარი არაფერია და ყველა განკარგულება გამოქვეყნდებაო. რა უნდა აკრიტიკონ? უცნაური სიტყვებით ცდილობენ რაღაცების გაშავებას. მურით ხელში შეიარაღებულები შემდეგ გამურულები თავად აღმოჩნდებიან. მგონი, მათთვის სჯობს, ამ ყველაფერს თავი დაანებონ. როცა შეამჩნევთ, რომელიმე პოლიტიკური გუნდი პირადი თავდასხმებით არის დაკავებული, უმჯობესია, ასეთ დროს ამ საქმეს შეეშვან, რადგან ეს მათ უფრო აზიანებთ, ვიდრე რომელიმე ადრესატს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია “ლელოს” წერვი, საბა ბუაძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებები.

ბუაძის თქმით, სწორედ ამ განკარგულებებით ხდებოდა ივანიშვილისთვის საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება და მისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა. “ლელო” ასევე ითხოვს პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვ დაიწყოს, რომელიც ანტიკორუფციულ სააგენტოს ეხებ.

“უნდა მოხდეს წლების განმავლობაში ღარიბაშვილის და გახარიას პრემიერობის დროს დამალული მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება და ეს არის ის მთავრობის განკარგულებები, რომლებითაც, მაგალითად ხდებოდა ივანიშვილისვე საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება, ხდება პირგასამტეხლოების შემცირება, ხდებოდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა. უნდა მოხდეს ასევე ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განსახილველად გამოტანა პარლამენტში. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ შეადაროს ის ფსევდო ანტი-კორუფციული ბიურო, რომელიც “ოცნებამ” შექმნა ერთგვარ ლეღვის ფოთლად და მეორეს მხრივ ჩვენს მიერ და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული მოდელი, რომელიც რეალურად აღჭურვილი არის საგამოძიებო ფუნქციით”, – ამბობს საბა ბუაძე.

ცნობისთვის, 12 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი სხდომა გამართა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებამ ძალიან შეაშინა გახარიას გუნდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button