მნიშვნელოვანისაქართველო

გაფრინდაშვილის ოჯახი დიპლომატებს მიმართავს, საოკუპაციო რეჟიმი კი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნას ისტერიად აფასებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს მიმართავს. ოჯახი დიპლომატებს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. “გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს!” – აღნიშნულია ოჯახის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული მხარისა და დასავლეთის მოთხოვნას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, ისტერიად აფასებს – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ საკმაოდ ვრცელ განცხადებაში წერია. ამ დოკუმენტით, “ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში საზღვრის დამრღვევები სასჯელს იხდიან და ცხინვალი გამონაკლისს ვერ დაუშვებს”. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დასავლელ მეგობრებს მიმართავს, განცხადებების გაკეთებამდე საქართველოს შიგნით არსებულ რეალურ მდგომარეობას გაეცნონ.

“გაფრინდაშვილი არის ჩვეულებრივი კანონდამრღვევი, სხვადასხვა ძალის შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი და ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ სამშობლოში,” – წერია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში. სეპარატისტების განცხადებითვე, გაფრინდაშვილი პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა.
“უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, ზემოქმედების ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შემდეგ, დადგენილი წესით გადაეცემიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელთა გამო იხდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს და ამასთან, კავშირი არ აქვს მის პროფესიულ საქმიანობას.

მსგავსი პროვოკაციები სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის წინ ხდება. გაფრინდაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციის ახალ სახეობასთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ფლობს სანდო მონაცემებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ეძებენ ჰუმანიტარული პროფესიების მოხალისეებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ და უბიძგებენ მსგავსი დანაშაულისკენ.
სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც ცხადად ჰქონდა გააზრებული ამ პროექტის შედეგები, პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა და ამით დააკმაყოფილა გარკვეული პარტიის პოლიტიკური მოთხოვნილება შიდა ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. შედეგი ცნობილია – საქართველოს მხოლოდ ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს ამ სიტუაციით, რათა პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესონ,” – აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button