ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ტრაქტორით დაამტვრიეს [ვიდეო]

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ქვევრი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის ჩამოამტვრიეს.

ქვევრი მუშებმა, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, თამარის დასახლების მცხოვრებელმა ატვირთა. ლაშა მელაძე წერს: “თამარის დასახლებაში საკანალიზაციო სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების დროს აღმოჩენილ იქნა დაახლობით ასი ლიტრის ოდენობის ქვევრი. ვფიქრობ, საინტერესოა და საჭიროებს არქეოლოგების შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლას. გთხოვთ მივაქციოთ ყურადღება”.

ქვევრის დაზიანების შესახებ, ბათუმის მერია კომენტარს აკეთებს. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგო პეტრიძე ამბობს, რომ მერიაში ქვევრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. შესაბამისად, მათ სპეციალისტები ქვევრის დაზიანების შემდეგ მიიწვიეს და დაიწყო ექსპონატის კვლევა.

“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ფაქტიურად უვნებელი ქვევრი იყო და მერე დაზიანდა. სამწუხაროდ, მერია ინფორმირებული არ იყო ამ საკითხზე. კომპანიას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, ჩვენთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, ქვევრი მუშა პერსონალის დაუდევრობით დაზიანდა” – ამბობს პეტრიძე.

მისივე თქმით, სამუშაოები შეჩერებულია, ადგილზე მუშაობენ არქეოლოგები. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილება, რა ზომები იქნება გატარებული.

რა ზომებზე საუბარი და გატარდება თუ არ სანქციები ექსპონატის დაზიანებისთვის, ამ დროისთვის უცნობია.

იხილეთ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button