კადიროვი უკრაინელებს “ელიტური მებრძოლებით” ემუქრება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ უკრაინაში „მოწინავე ხაზზე“ დაბრუნდნენ ჩეჩნეთის „ელიტური მებრძოლები“. დღეს, 12 სექტემბერს კადიროვი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ „ძვირფასმა ძმამ, რუსეთის გმირმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც სათავეში უდგას ქვედანაყოფებს ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება უკრაინის ტერიტორიაზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.
კადიროვის თანახმად, „უკრაინელი ფაშისტების მიერ ოკუპირებული” მარიუპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, “ელიტური მებრძოლები“ უმაღლესი მთავარსარდლის(პუტინის) დავალებით „ისვენებდნენ“, ახლა კი, „წინა ხაზზე დაბრუნდნენ ახალი ძალებით“. კადიროვი „საუკეთესო შედეგების“ პირობას დებს და უკრაინელებს მიმართავს, „თეთრი ქსოვილი“ გაამზადონ.