საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
პრეზიდენტის გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს 17 ივლისს მიმართეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
აღნიშნულ სარჩელში პრეზიდენტი სარჩელში მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რადგან რეპრესიული კანონი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ სარჩელის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.
“ე.წ. რუსული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტს ამ დრომდე არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცედენტულია კიდევ ერთი მიზეზის გამო – აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს.
პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ დეპუტატები და 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაც.
პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, დეპუტატები სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ. როგორც მან განმარტა, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ისინი სარჩელში მიუთითებენ რუსული კანონის შედეგად კონსტიტუციის დარღვევის არაერთ მუხლზე – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, გაერთიანების უფლებაზე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე.
ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.
სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.
ცნობისთვის მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია.
საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი ჯერჯერობით უცნობია.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც. სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებიც.