მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის უსუსური შანტაჟი, რომელიც დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას ოპოზიცია აფასებს

რეალურად, ეს არის უსუსური შანტაჟის მცდელობა – ეს საინტერესო არავისთვის არაა, უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, რასაც ხაზი უნდა გაესვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს შანტაჟი” სამი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო.
„ეს შანტაჟია, რომელიც უკვე, სამი წელია გრძელდება. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟიც. ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟია. ეს საინტერესო არავისთვის არაა, უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, რასაც ხაზი უნდა გაესვას.
რეალურად, ეს არის უსუსური შანტაჟის მცდელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს შანტაჟი სამი წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის, კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ უშუალოდ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგო იყო ეს იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც ხელისუფლება მთლიანად, შანტაჟის პირობებშიც არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას”,- აღნიშნა კობახიძემ.

ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება. ეს არის ტრაგიკომედია, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, საქმე გვაქვს “დიფ სთეიტის” მთავარ შემორჩენილ იმედთან, რომელსაც გარდაუვალი დასასრულის წინ, “კუდის ქნევის” დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.
“მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი თავისი სპეცსამსახურებით, კონტროლირებადი მედიით და “ჯიბის” ლობისტებით, აშშ-ს გადასახედების გადამხდელთა თანხებით, რომლებიც უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მიზნებს უნდა მოხმარებოდა, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მისი შავი პიარით იყო დაკავებული – ამ ფონზე ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩატარებული განხილვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ანეკდოტურადაც აღარ გამოიყურება. ეს არის ტრაგიკომედია. ბრიტანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს “დიფ სთეიტის” მთავარ შემორჩენილ იმედთან, რომელსაც როგორც ჩანს ასევე გარდაუვალი დასასრულის წინ, “კუდის ქნევის” დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს. სულ რაღაც სამ თვეში ქვეყანაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლებმაც წესით, ნაყოფიერი ნიადაგი უნდა მოუმზადონ იმავე ულტრამემარჯვენე “რეფორმატორების პარტიას”, რაც 2030 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავის შედეგს გამოიღებს. მანამდე კი “დიფ სთეიტის” ბრიტანული ფილიალი იცლის იმისთვის, რომ სანქციების შემოღებაზე მსჯელობს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არც ერთი “შილინგი” არ გააჩნია გაერთიანებული სამეფოს საბანკო-ეკონომიკურ სივრცეში. ბრიტანეთის თემთა პალატის ეს ძალისხმევა ამავდროულად საპატიოა საქართველოსთვის, რომელიც “დიფ სთეიტისთვის” კვლავინდებურად აუღებელ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს – და სამარცხვინოა ბრიტანეთისთვის, რომელსაც ქვეყანა თავზე ემხობა, ის კი იცლის იმისთვის, რომ ერთვება სათავისოდ წინასწარ წაგებულ სიტუაციაში”, – წერს დავით ქართველიშვილი.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, “დიფ სთეითის” წარმომადგენლებმა ვერ შეიგნეს, რომ ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ვერანაირი შანტაჟით და სანქციების დაწესების მუქარით გავლენას ვერ მოახდენენ, ვინაიდან, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება.
“დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ განხილვა ადასტურებს, რომ “დიფ სთეითის” დამარცხება გარკვეულ დროს მაინც მოითხოვს. მეორე მხრივ მათი გაუაზრებელი ქმედებები ისევ იმ ქვეყანას აზარალებს სადაც მათ ფესვები აქვთ გადგმული. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ხალხმა ვერაფრით გაიგო და ვერც შეიგნო, რომ ბატონ ივანიშვილზე გავლენის მოხდენა ვერანაირი შანტაჟით და სანქციებით მუქარას არ შეუძლია. ჩვენ ომში არ ჩავებმებით, ბიძინა ივანიშვილისთვის კი საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამისად ბრიტანელების ეს ვერაგი განზრახვა კრახისთვისაა განწირული”, – წერს ნიკოლეიშვილი.

ბრიტანეთი ძალიან ბევრ ოფშორულ კუნძულს ფლობს და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ოფშორული კომპანია აქვს, ამიტომ ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვიდრე ამერიკის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირებმა, „რომლებმაც საკუთარი მოქალაქეებსა და დემოკრატიაზე ხელი აღმართეს და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს“, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს, ამიტომ, იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ბრიტანეთი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ სანქციებს უახლოეს მომავალში დააწესებს.
„პროპაგანდაა, რომ ოპოზიცია მილევად რეჟიმშია. ერთადერთი ვინც მილევად რეჟიმშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე არ არსებობს, ასევე ნულია ქვეყნის შიგნითაც. ნახეთ, რომ გურიაში სტიქიის დროს 5 დღის მერე მოახდინეს რეაგირება. უნდა ვიცოდეთ, რომ ბრიტანეთი ძალიან ბევრ ოფშორულ კუნძულს ფლობს, მათ შორის, ვირჯინიის კუნძულები ბრიტანულ იურისდიქციაშია და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ოფშორული კომპანია აქვს, ამიტომ ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ამერიკის. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრი ოფშორული კომპანიით სარგებლობს.
სანქცია ჩვენი [ოპოზიციის] თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ყველა მოძალადემ, რომლებმაც დემოკრაუტიისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელი აღმართა, რომელმაც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება – საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა და ეს სანქციები არის რეაგირება იმ ძალადობაზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი სჩადის. დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის გარეშემო მყოფი ბევრი ადამიანი დაკავშირებული ბრიტანეთთან, ოფშორებთან, მათ შორის ვირჯინიის კუნძულებთან, ეს კი რეაგირებაა მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სანქციების მასშტაბებისა და ოდენობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამს.
გურამ მაჭავარიანი აქვე აცხადებს, რომ რეალურად, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს.
“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ “დიფ სთეითი” და გლობალური ომის პარტია ნელ-ნელა იზღუდება და არაფერი აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რაც იცის, რომ გაცვეთილია, არ მუშაობს, მაგრამ სხვა მეთოდი აღარ გააჩნია.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებმა რომ არ იმუშავა, ეს ყველამ კარგად დაინახა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს არ გადადგამს, სანქციების მასშტაბებისა და ოდენობის მიუხედავად – ეს დე-ფაქტო სანქციებთან დაკავშირებითაც თქვა, თავის დროზედა, ბიძინა ივანიშვილმა, მერე უკვე, ფორმალურ სანქციებთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

“მთავარ შეკითხვაზე არის პასუხი გაუცემელი – რისთვის ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქციერებას? რისთვის, რომ საქართველო არ აჰყვა ტრენდს და მკაცრ მითითებას, რომ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და თავისი რესურსი მიმართა იმისკენ, რომ სისხლისღვრა ყოფილიყო საქართველოში, როგორც შიდა დაპირისპირების, ასევე, ომში მონაწილეობის შედეგად. ამასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია,” – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიეკრმა, გიორგი ვოლსკიმ თემთა პალატაში გამართულ განხილვა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს.
“სხვა პრეტენზია, ის, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის, ან ის, რომ არჩევნები ჩატარდა გაყალბებით, ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს რაღაც ტრენდი, არსებობს სცენარი, პროპაგანდა, მაგრამ ამის უკან არაფერი არ დევს, გარდა იმისა, რომ ვიღაცას აწყობს ასე იყოს.
ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, 2012 წლიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ვიღაცას მისცეს მიზეზი ისაუბროს საქართველოს მხრიდან კურსის შეცვლაზე,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

“საქართველო დგას თავის სიმაღლეზე”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბრიტანეთში, თემთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას.
მდინარაძის თქმით, საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ისეთ დონეზე, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა და ეს დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.
“საქართველო დგას თავის სიმაღლეზე – მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არის იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულის მანძილზე და ეს არის ძალიან კარგი რამ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში წყდება ქართველების ბედი და არა რომელიმე ქვეყნიდან. ეს იქნება ჩრდილოეთი, დასავლეთი თუ სამხრეთი.
არ აქვს მნიშვნელობა მიმართულებას, შენ შენი ბედი თავად უნდა გადაწყვიტო. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ამას ვახერხებთ. თუ დეოკუპაციაზე, დამოუკიდებელ მოქმედებებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ქვეყნის შიგნიდან და არა გარედან, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.
არ ვართ კმაყოფილი იმით, რაც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო გაზრდილი დამოუკიდებლობის ხარისხი ნიშნავს მეტ განვითარებას, მეტ სუვერენიტეტს, მეტი ეროვნული ინტერესის გატარებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ბრიტანულ სანქციებს “მსუსხავი” ეფექტი გააჩნია, რადგან მის იურისდიქციაში ოფშორული ზონებიც შედის.
გარდა ამისა, გალდავას თქმით, ბრიტანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან უნისონში მოქმედებს.
” აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის კუნძულები და ოფშორები, სადაც არის გარკვეული პირების ქონება. თუ ბრიტანეთი გადაწყვეტს, რომ სანქციები დაწესდეს კონკრეტული პირების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დარტყმაა, რადგან ბრიტანული სანქციების მსუსხავი ეფექტის მატარებელია და ის არის უნისონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის საერთო პოლიტიკასთან”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბრიტანეთისგან, როგორც დასავლური სამყაროს ლიდერი ქვეყნისგან, მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებდა.
“როდესაც კონკრეტული ადამიანის უფლებების დარღვევაში იღებ მონაწილეობას, ხდები სანქცირების ლეგიტიმური სამიზნე დასავლურ ქვეყნებში. ასე მოქმედებს დასავლური სამყარო, ამ ნორმებისა და პრინციპების მიხედვით. ბრიტანეთი, როგორც დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, იყო მოსალოდნელი, რომ დაასანქცირებდნენ ამ ადამიანს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

“კომიკური და რეალობას მოწყვეტილი,” – ასე აფასებს მმართველი გუნდი თემთა პალატაში გამართულ განხილვას, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ახსენა დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევები და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა. სტივენ დაუთმა თქვა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის, სავიზო აკრძალვები და განაგრძობს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.
აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. “გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, “შეშფოთება, რომელიც გამოითქვა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისგან არის გამოწვეული.”
“შეშფოთება, რომელიც გამოითქვა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ივანიშვილისგან გამოწვეული. მე ვერ გეტყვით, რა ქონება აქვს ივანიშვილს, რა დარჩა და რა არ დარჩა დიდ ბრიტანეთში, ისევე, როგორც მე ვერ გეტყვით, დიდი ბრიტანეთი რა საპასუხო ზომებს მიიღებს. მაგრამ ცალსახაა ის, რომ ივანიშვილის დამსახურებაა დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დასრულება და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დასრულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო,” – აღნიშნა აქუბარდიამ.
ამის გარდა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პაატა მანგალაძის შეფასებით, “ბრიტანული სანქციები ბევრად უფრო მტკივნეულია ბიძინა ივანიშვილისთვის, ვიდრე ამერიკული სანქციები.”

Credit Suisse-თან დავაში, რომელიც მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავენ ლონდონელი იურისტები.

საქართველოში, აღნიშნულ საქმეზე ლონდონელ იურისტებს კოორდინაციას ამიერიდან ლაშა კალანდაძის ნაცვლად ადვოკატი ნიკოლოზ გულუა გაუწევს.

ცნობისთვის, თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ახსენა დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევები და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა.
სტივენ დაუთმა თქვა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის, სავიზო აკრძალვები და განაგრძობს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.
ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button