მნიშვნელოვანისიახლეები

ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი 31 აგვისტოს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ, 31აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლეები მხარეებს კითხვებს დაუსვამენ.

ტურავას თქმით, სარჩელის განხილვა ხვალ დასრულდება.
122 მოსარჩელე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წინადადებით, 31 აგვისტოს პროცესზე ენათმეცნიერ მარინე ბერიძეს მოუსმენენ და მხარეები უპასუხებენ მოსამართლეების შეკითხვებს.

„ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება სხდომა. ჩვენ დაგვრჩა ეტაპი, რომელსაც ჰქვია მოსამართლეების მიერ მხარეებისთვის შეკითხვის დასმა ლინგვისტის გამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ ერთმანეთს უნდა დაუსვათ კითხვები. რეპლიკის შესაძლებლობას მოგცემთ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხვალ დამთავრდება. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობით მაღალი ხარისხით ის ნაწილი, რაც დარჩენილი იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ხვალ სხდომა დავამთავროთ“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავენ:
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
ორი მედიაორგანიზაცია – „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) – მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.
კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას, საკითხის განხილვის დასრულებამდე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.

აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button