სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია. სპეცრაზმმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.
ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.
ამასთან ცნობილი ხდება რომ სპეცრაზმმა მომიტინგეებისგან რუსთაველის გამზირიც გაწმინდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალური, ისე გვერდითა და უკანა შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.
რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება სპეცრაზმი.
პარლამენტთან აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს შსს-ც. სტანდარტულ ტექსტში ვკითხულობთ:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.”
პარლამენტთან გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც და გაისმა გაფრთხილება, რომ დაიშალოს აქცია და ტერიტორიიდან გაიყვანონ ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.